საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. როგორც ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” განაცხადა, საქართველოს ჰყავს გამჭვირვალე და არაკორუფციული მთავრობა, თუმცა ეკონომიკა სუსტია.
„გვაქვს ევროპული ტიპის დემოკრატია და თუ მოვახერხებთ ამის შენარჩუნებას, შევძლებთ ეკონომიკა განვავითაროთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება ხალხისგან, იმართება ბიზნესისგან და ყველა თქვენს გამოძახილს ეხმაურება, რომ ლობირება გაგიწიონ. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაჭირვებულია, შეუძლიათ, რომ სხვა მიმართულებით წაიყვანონ და დავკარგოთ ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. იმასაც შეგახსენებთ, რა დონეზე იყო ადამიანის უფლებები - ძალიან დაბლა, ნულთან ახლოს. ერთი ჯგუფი კი კანონზე მაღლა იდგა და ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. სიტუაცია იყო ძალიან მძიმე, სწორედ ამ მიზნით მოვედი პოლიტიკაში. მოკლედ შეგახსენებთ რა გაკეთდა: ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ, საქართველო ევროპის შესადარი გახდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად საკუთრებაში ან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ან მედიის თავისუფლებაში. ჩემი გადმოსახედიდან მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ახლოს იყოს ევროპულთან. ამ დროს ეკონომიკა 6-ჯერ ჩამორჩება, უფრო მეტჯერ, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. ასეთი დისბალანსი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას”, - განაცხადა ივანიშვილმა.