საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო იხ. აქ).
„სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს,რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.