პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოდის ინიციატივით, შემუშავდეს პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი.

 „ამ განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე შედგეს საზოგადოების ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი, რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა.

 როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა, მინდა, მივმართო ჩვენს მომხრეებს:

 უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არავის მივცეთ საფუძველი, კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება - რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა!

 განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას! ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის  შეუფერხებლად წარმართვა“, – განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა.