ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი ზურა ბიგვავა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების სამზადისს აფასებს და მათ შანსებზე საუბრობს:
“იმდენად ძლიერია კონკურენცია, რომ ახალი კვლევებით, შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ადგილზე ვერ გავიდეს. ახლა ბურჭულაძის და ირმა ინაშვილის პარტიები იკრებენ ძალებს”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა, რომელსაც საზოგადოების განწყობაზე და პარტიების რეიტინგებზე ვესაუბრეთ.
ზურა ბიგვავა: ჯერჯერობით მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. “ქართული ოცნება” რეიტინგით წინ არის და მის მომდევნო პარტიას 5-ჯერ მაინც უსწრებს. რეიტინგები მეტ-ნაკლებად გაბნეულია, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, ვინ შადალახავს ბარიერს. ამ ეტაპზე ერთ-ორ პარტიას აქვს შედარებით უკეთესი შანსი, დანარჩენებს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ. თუმცა, ამ ყველაფერს გეუბნებით იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ვიცნობ. ახლა კვლევები ინტენსიურად ჩატარდება და გამოჩნდები რეიტინგებიც და გვეცოდინება, როგორ იშლება წინასაარჩევნო კამპანია.
– ანუ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა, არსებული სურათი შეიცვლება?
– ახლა იქნება “აფეთქება” და ყველა აქტიურად შეუდგება მუშაობას. ყველა პარტია გამოჩნდება და ვნახავთ, ვის რა რესურსი აქვს. ვფიქრობ, პარტიები აქტიურობას ივლისიდან დაიწყებენ.
– და რომელი პარტია გადის მეორე ადგილზე?
– ძნელი სათქმელია, მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობა” გადის თუ არა. უკვე იმდენად ძლიერია კონკურენცია, რომ ახალი კვლევებით შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ადგილზე ვერ გავიდეს.
– “ნაციონალურ მოძრაობას” ვინ უწევს კონკურენციას?
– ახლა ძნელი სათქმელია. მაგრამ როგორც ფსკერზე ჩანს, ბურჭულაძის პარტია შეიძლება გავიდეს, ან “პატრიოტთა ალიანსი”. ამათაც აქვთ რაღაც შანსი. მომძლავრებული პარტიები არიან, თუმცა “ქართულ ოცნებას” ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეწევიან.
– “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა როგორ იმოქმედებს “ოცნების” რეიტინგზე?
– ბიძინა ივანიშვილი აქტიურად უკვე ჩაერთო. მან, შეიძლება ითქვას, ცალკე კამპანია დაიწყო და ეს, რა თქმა უნდა, “ოცნების” რეიტინგზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს. ივანიშვილი ძალიან მიზანმიმართულად და გონივრულად აკეთებს ყველაფერს. იგი თავისი წერილით ცდილობდა, რაციონალურად აეხსნა საზოგადოებისთვის ის საკითხები, რაც ხალხს აინტერესებს. მან ნათლად განსაზღვრა ამ არჩევნების მომავალი ბედი. ძალიან საინტერესო წერილი იყო. ალეგორიულად ბევრი რამ იყო ნათქვამი. მისი აქტიურობა ეფექტური და დამარწმუნებელია. ივანიშვილი გულწრფელი რესპონდენტია.
– თუმცა ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს გაუცრუა იმედი. ეს ჩანს სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვაში, სადაც რესპონდენტების დაახლოებით 40%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას არჩევნებში…
– ეს ბუნებრივი პროცესია. ბევრი ხალხი აჟიტირებული იყო და ეგონა, ერთ დღეში მისცემდნენ სამსახურს. თან ხომ იცით, როგორი ხალხი ვართ – 98%-ით ავირჩიეთ გამსახურდია, მერე საწინააღმდეგო სიტუაციაში ასევე ასეთი მაჩვენებლით ავირჩიეთ შევარდნაძე, მერე – მიხეილ სააკაშვილი. ცოტა განსხვავებულად მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც წინა არჩევნებზე 64% აიღო. ვისაც ეგონა, რომ მთავრობა სამსახურებს დაარიგებდა და უმუშევრობა მოისპობოდა, ძალიან გულუბრყვილო წარმოდგენა ჰქონია. თუ გინდა საბაზრო ეკონომიკა და კაპიტალი, უნდა იცოდე, რომ ეს ეფექტურია კონკურენციის შემთხვევაში. ამაში კი ვიღაცას უმართლებს, ვიღაცას – არა. ვისაც არ უმართლებს, კოტრდება, კარგავს სამსახურს, რაც რეალურად მოხდა, მაგრამ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ხომ არ უნდა დაბრალდეს?!
– ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტში ადგილების 50%-ს ვერ მიიღებს, პოლიტიკურ საქმიანობას თავს დაანებებს. თქვენი აზრით, შეძლებს “ოცნება” ამ პროცენტის აღებას?
– იგი დარწმუნებულია, რომ 50%-ზე მეტს აიღებს და ეს არის სერიოზული ანალიზის შედეგი.
– ახლა არსებული რეიტინგით ეს შესაძლებელია?
– ახალი კვლევის შედეგები არ ვიცი. რაც შეეხება ძველებს, “ენ-დი-აის” და “აი-რა-ის” შედეგები ყველასთვის ცნობილია და ამასთან დაკავშირებით გამოითქვა ბევრი ეჭვი, თუმცა, რა კვლევაც ვიცი, “ქართული ოცნება” ორჯერ უგებდა უახლოეს კონკურენტს, მაგრამ ციფრებს და ვერც ვერაფერს ვერ გეტყვით. ზოგადად, ყველა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი დაბალია, მაგრამ ეს არის ის სტიმული, რითაც პარტიებმა ბევრი რამე უნდა გააკეთონ, რომ სიტუაცია გამოასწორონ. არის ხალხი, რომელსაც გული გაუტყდა ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. საარჩევნო ყუთთან ადამიანი რომ მივა, იფიქრებს, რეალურად ვინ არის საქმის გამკეთებელი და ისე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
– კოალიციიდან გამოსულ ძალებს რა შანსები აქვთ?
– რომელიღაც პარტიას ცოტა მეტი შანსი აქვს, ზოგს – ცოტა ნაკლები, მაგრამ რომ გითხრათ, კოალიციის პარტიები დამოუკიდებლად რამე შედეგს მიაღწევენ-მეთქი, არ იქნება რეალური.
– ბარიერის გადალახვას თუ შეძლებენ, თუნდაც “რესპუბლიკელები” ან “ეროვნული ფორუმი”?
– ძნელი სათქმელია, თუმცა შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ამის შანსი, გამორიცხული არაა. ყოველ შემთხვევაში, როგორც “თავისუფალი დემოკრატები” ამბობენ, მათ მზარდი რეიტინგი აქვთ. ეტყობა გამოკვლევები აქვთ ჩატარებული და აქედან ასკვნიან ამას.
– არჩევნების დღეს ეგზიტპოლის ჩატარებას ხომ არ გეგმავთ?
– როგორც წესი, ეგზიტპოლის ჩატარება არ უნდა იყოს პარტიული დაკვეთა. შეიძლება ეს გააკეთოს ცალკე პარტიამ, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი სანდო, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ან ტელევიზიების დაკვეთით ჩატარებული. თუმცა, თუ დამიკვეთავენ – ჩავატარებ.
წყარო: რეზონანსი