პუბლიკაციები
აფხაზების გარეშე აფხაზეთი არ გვჭირდება!

xelis-chamortmeva(კონსტანტინ ოზგანმა საქართველოს უხუცესთა საბჭოს მიმართვას უპასუხა)

2010 წლის 11 ნოემბერს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა მკითხველს შესთავაზა პუბლიკაცია „ჟამი ქვების შეგროვებისა“, რომელიც შეიცავდა საქართველოს უხუცესთა საბჭოს მიმართვას დღეგრძელი აფხაზებისადმი. „... ჩვენ შეგვიძლია და გვსურს, ერთობლივად შევიმუშაოთ მოქმედების გონივრული პროგრამა, რომელიც ურთიერთნდობის ზრდასთან, ჩვენი ხალხების შერიგებასა და ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრების მრავალწლიანი ისტორიის მახასიათებელი ტრადიციული ღირებულებების აღორძინებასთან მიგვიყვანს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ბრალეულობის ნაწილობრივ აღიარებაზე იმის გამო, რაც მოხდა.

რა თქმა უნდა, შეიძლება უსასრულოდ ვუსაყვედუროთ ერთმანეთს დაშვებული შეცდომების გამო, მაგრამ ეგებ უკეთესია, ჩვენი ძმური ურთიერთობების ისტორია გავიხსენოთ, რისი მაგალითების სათვალავიც არ გვაქვს. ჩვენ იმედითა და ოპტიმიზმით შევცქერით მომავალს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მიმართვა და შერიგებისა და მეგობრობის აღდგენისკენ გამოწვდილი ხელი უპასუხოდ არ დარჩება!“ – ნათქვამია ხსენებულ მიმართვაში.

წარმოიდგინეთ, ეს მიმართვა ადრესატამდე მივიდა! მას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელი კონსტანტინ ოზგანი. ახლახან საქართველოს უხუცესთა საბჭოს მორიგ სხდომაზე საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის კორესპონდენტს გააცნეს ოზგანის პასუხის აუდიოჩანაწერი საქართველოს უხუცესთა საბჭოს მიმართვაზე, რომელთაგან ბევრი, უნდა ითქვას, რომ წარმომავლობით აფხაზეთიდანაა. ერთ-ერთი რუსული რადიოკომპანიის კორესპონდენტთან საუბარში ოზგანმა თქვა: „ჩემთვის ცნობილია ამ მიმართვის შინაარსი, თუმცა მიმაჩნია, რომ მან ძალიან დაიგვიანა. სიმართლე გითხრათ, ის ჯერ კიდევ 1992 წლის აგვისტოში უნდა გაჟღერებულიყო, მაშინ, როცა აქტუალური იყო. საინტერესოა, სად იყვნენ ისინი მაშინ, რატომ დუმდნენ?! დღეს ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს, ამიტომ მთლად გასაგები არაა ამ მიმართვის გამომწვევი მიზეზი. ვუშვებ, რომ ეს პასუხია ჩვენს განცხადებაზე, რომელიც აფხაზპრესის ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნდა. იგი ქართულ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ანალიზის საფუძველზე გაკეთდა, სადაც მკაცრ კრიტიკას დაექვემდებარა რუსეთის პოზიცია. უფრო მეტიც, ცალკეულ ქართველ ექსპერტთა აზრით, აფხაზი პოლიტიკოსები აშკარად გამოხატავენ უკმაყოფილებას რუსების მოქმედებათა გამო, რითაც სასურველს სინამდვილედ ასაღებენ. პასუხად ერთი რამის თქმა შემიძლია: მშვიდობის ერთადერთ გარანტად ხალხი მხოლოდ რუსეთს მიიჩნევს და სწორედ ამითაა გამოწვეული ქართული მედიის აღშფოთება. რაც შეეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებას, მათი არსებობა ჩვენთან შესაძლებელია მხოლოდ ხალხის ნებით. ჰოდა, რაზე ვისაუბროთ ასეთ შემთხვევაში? დამეთანხმეთ, რომ საუბრის თემის წინასწარ არცოდნის პირობებში, მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ სხდებიან. სხვა საქმეა, თუ საქართველო ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას აღიარებს. მოსალაპარაკებლადაც მაშინ დავსხდეთ! იმის შესახებაც ვისაუბროთ, თუ როგორ განვავითაროთ მომავალში ნათესაური და მეგობრული კავშირები და მოვაგვაროთ სხვა მრავალი პრობლემა, რასაც ასე იჟინებენ ჩვენი კოლეგები საქართველოს უხუცესთა საბჭოდან. ამაში მდგომარეობს ჩვენი განცხადების არსი, რამაც, ჩემი აზრით, ჩვენდამი ქართული მხარის მიმართვის სტიმულირება მოახდინა...“

კონსტანტინ ოზგანის პასუხის აუდიოჩანაწერი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის კორესპონდენტმა ხსენებული მიმართვის ავტორებთან ერთად მოისმინა. საგულისხმოა, რომ უხუცესების რეაქცია მასზე ერთმნიშვნელოვნად მშვიდი და გონივრული იყო: „იმთავითვე ვიცოდით, როგორ გვიპასუხებდა ოზგანი. პრინციპში, სხვა რა შეეძლო ეპასუხა?! – ჩაერთო საუბარში მამანტი ჯოლია, გადამდგარი პოლკოვნიკი, ჩვენი უხუცესების ერთ-ერთი ლიდერი. „საბედნიეროდ, აფხაზ დღეგრძელთა, თავის მხარეში ავტორიტეტულსა და ხელისუფლებასთან კავშირში არმყოფ ხალხს შორისაც არიან გამჭრიახი გონების, პრაგმატული ადამიანები. მათ კეთილ ნებასა და შეგნებაზე დაყრდნობთ ვაპირებთ სწორედ მომავალში ჩვენი მუშაობის გაგრძელებას. დასახული მიზნიდან გადახვევა ჩვენს პროგრამაში არ შედის. ამიტომ დასაწყისისათვის მინდა მივმართო აფხაზეთში ნაომარ ჩვენს თანამემამულეებს: არიან თუ არა მზად, ნებაყოფლობით თქვან უარი აფხაზეთის ომში გამოჩენილი სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის მიღებულ ორდენებზე, რათა ჯილდოები სახელმწიფოს დაუბრუნონ? ეს აზრი დიდხანს მიღრღნიდა გულს და გადავწყვიტე, იგი თქვენს სამსჯავროზე გამომეტანა. საეჭვოა, სიამაყით ატარო ორდენები, რომლებიც ძმათამკვლელ ომში მიიღე. ასეთ ვითარებაში შერიგებაზე საუბარი უაზრობაა. რაც შეეხება კონსტანტინ ოზგანის საყვედურს – აქაოდა, სად იყვნენ ცხელ 1992 წელსო – როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ სწორედ მაშინ ქართული მხარის მხარდაჭერით მიღებული იქნა ახალი საარჩევნო კანონი, რომლის წყალობითაც აფხაზებმა პარლამენტში უმრავლესობა მიიღეს, რაც უმალვე გამოიყენეს კიდეც“, – შეახსენა შეკრებილებს ქართველ უხუცესთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ენერგოქსელის ყოფილმა ხელმძღვანელმა კონსტანტინე მარშავამ.

აფხაზებისადმი ქართველთა ძმურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომელიც აღნიშნული სხდომის მონაწილეს, პროფესორ ოთარ ვახანიას უკავშირდება. პატივცემული ოთარი სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორობისას, უმაღლესი სასწავლებლის აფხაზურ და ქართულ ნაწილებად დაყოფის პერიოდში, სამუშაოდ აფხაზურ მხარეს დარჩა. დღევანდელი გადასახედიდან პროფესორ ვახანიას საქციელი მაღალი მოქალაქეობის აქტად წარმოჩინდება, რაც ღირსეულად უნდა დაეფასებინათ, უპირველესად, თავად აფხაზებს. დასამახსოვრებელი იყო მონაწილეთა გულწრფელი, ყოველგვარ ფარისევლობასა და ორაზროვნებას მოკლებული ბევრი სხვა გამოსვლაც სხდომაზე.

„...აფხაზების გარეშე აფხაზეთის ტერიტორია არ გვჭირდება! ჩვენ მათი გულების მშვიდობიანი ოკუპაციის მომხრე ვართ! და ეს, უპირველესად, ნამდვილად პატიოსანმა და ნებისყოფიანმა კაცმა, თავად ოზგანმა, უნდა გააცნობიეროს, ვისზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩვენი უხუცესთა საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციაა და ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რისი მოვალენიც ვართ. უპირველეს ყოვლისა, ეს სახალხო დიპლომატიის ახალ, უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე აღორძინებაა, რის გარეშეც, ჩვენი აზრით, შეუძლებელია აფხაზთა დაბრუნება ჩვენი საერთო ოჯახის წიაღში. ბევრი მაგალითი ვიცით, როცა აფხაზეთში ნაომრებმა უარი თქვეს კანონით კუთვნილ პენსიებსა და შეღავათებზე, რასაკვირველია, იმის გამო არა, რომ ეს ფული არ სჭირდებოდათ! - აი რა უთხრა საუბარში საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის კორესპონდენტს კიდევ ერთმა წარმოშობით აფხაზმა – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის გამგემ, პროფესორმა ნოდარ ემუხვარმა: „აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში აფხაზურ და ქართულ ოჯახებად დაყოფა ერთობ პირობითია, რადგან კარგადაა ცნობილი, რომ მათგან ნახევარი შერეული ოჯახებია, ისევე, როგორც არ არსებობს ოჯახი, უახლოეს ნათესავებს შორის რომ არ ჰყავდეს აფხაზებიცა და ქართველებიც. სწორედ ამიტომ ჩვენი შერიგება გარდუვალია. ჩემის აზრით, აფხაზებთან კეთილი ურთიერთობების აღსადგენი უმოკლესი გზა აფხაზეთში დარჩენილ ახლობლებთან – ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან -  მტკიცე კავშირების დამყარებაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სიტყვას შეისმენენ! ამის კარგ მიზეზად, შესაძლოა, დამდეგი ახალი წელიც იქცეს. ყველამ უნდა ვიჩქაროთ მათთვის მილოცვა. თავადაც კარგად იცით. გავიმეორებ, თუმცა გულწრფელად მჯერა – ვინც არ უნდა სცადოს ხელის შეშლა, აფხაზებთან თანაცხოვრებას ვერსად გავექცევით!“

ჩვენი უხუცესები თურმე მზად არიან აფხაზეთში ჩასასვლელად, რათა ადგილზე მოილაპარაკონ ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე. თუმცა ამჟამინდელი სასაზღვრო კორდონების გადალახვა დღეს მათ არ შეუძლიათ. ამიტომაც სთხოვენ ხელისუფლებას, თავისი წვლილი შეიტანოს მათთვის სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებაში.

ისღა დაგვრჩენია, გულითადად მივულოცოთ ჩვენს დღეგრძელ უხუცესებს ახალი წელი, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და ღირსეული ცხოვრება, რაც ასე აუცილებელია მათი ბრძნული და კეთილი ზრახვების განსახორციელებლად. წარმატებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო უხუცესებო!

 

გივი ბაქრაძე

სპეციალურად საქინფორმისთვის