პოლიტიკა
როგორი იქნება საქართველოს ახალი ხელისუფლება (საქინფორმი)

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. თბილისის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ბერიძე გვეკითხება: თქვენი პროგნოზით, დღევანდელი მინისტრებიდან ვინ დარჩება ახალ მთავრობაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

მკითხველს პასუხობს „საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი:

“პატივცემულო გიორგი! რამდენიმე მინისტრი არჩევნებამდეც შეიცვლება, როდესაც „რესპუბლიკელი“ მინისტრები ოფიციალურად ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ. როგორც არ უნდა შეაყოვნონ ეს მომენტი „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა, რომლებსაც მართვის სადავეების და უზარმაზარი ხელფას-პრემიების ხელიდან გაშვება არ სურთ, ის მაინც დადგება 7-8 ივლისის მერე, ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ (კანონით გათვალისწინებული მათი გადადგომის ბოლო ვადა 8 სექტემბერს იწურება - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე).

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, დიდი ალბათობით, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ახლანდელი თავმჯდომარე, გენერალი კობა კობალაძე შეცვლის (პოლიტრეპრესირებული და პოლიტპატიმარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს). თუ ეს დანიშვნა შედგება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს და „ნატო“-ს თანხმობა მიღებულია და გენერალი კობალაძე მინისტრის პოსტს ახალ მინისტრთა კაბინეტშიც შეინარჩუნებს.  

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად, რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილის ნაცვლად, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი დაინიშნება.

ვინ შეცვლის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, რესპუბლიკელ პაატა ზაქარეიშვილს - უცნობია, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობაში არავითარი ძვრა - არათუ საქართველოს შემადგენლობაში მათი რეინტეგრაციისა და დევნილების დაბრუნების საკითხებში, არამედ ელემენტარული სამუშაო დიალოგის დაწყებაში  - მოსალოდნელი არ არის.

ახალ კაბინეტში, ეჭვგარეშეა, იქნება კულტურისა და ძეგლთა დაცვის ახალი მინისტრი და სამი ახალი სახელმწიფო მინისტრი - დიასპორის საკითხებში; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

გასულ კვირას ჩემს პუბლიკაციაში მე განვმარტე, თუ რატომ არის აუცილებელი სამი ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო მინისტრის შტატის გაუქმება, როგორც არასაჭირო, და ამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი თანხების ეკონომია.

ახალ მთავრობაში უეჭველად დარჩება ორიოდე კვირის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშნული ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელსაც ყველა უაღრესად პოზიტიურად ახასიათებს, როგორც დიდ პროფესიონალსა და დადებით პიროვნებას.

და, რაღა თქმა უნდა, მინისტრის პორტფელებს შეინარჩუნებენ დღევანდელი მთავრობის ყველაზე წარმატებული წევრები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი კახი კახიშვილი.

გამორიცხული არ არის, რომ ფინანსთა მინისტრად ნოდარ ხადურის ნაცვლად გადმოიყვანენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს, ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლანდელ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს, რომელსაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. გადაადგილებები ეკონომიკურ ბლოკში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, თუმცა, მხოლოდ შიდა, უკვე ნაცადი მენეჯერებისგან – ახალ კადრებთან ექსპერიმენტები აქ ნაკლებ სავარაუდოა.

ეკონომიკური ბლოკის ერ–ერთი მთავარი ამოცანას, ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, წარმოადგენს არა მარტო ლარის კურსის, არამედ ქართველი მსხვილი ბიზნესმენებისთვის „აღვირის ამოდება“ – პოლიტიკაში უკიდურესად არასაიმედო კატეგორიისთვის, რომელმაც საქმიანი კავშირები და ურთიერთვალდებულებები შეინარჩუნა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბევრი ბიზნესმენი და ბანკირი არა მარტო ნაციონალებთან წილში რჩება, არამედ აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის პარტია „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებას.

თანამდებობას უეჭველად შეინარჩუნებს ყველაზე წარმატებული “ძალოვანი” - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ვახტანგ გომელაური. ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე, ალბათ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. გამორიცხული არ არის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი - ალეკო თოდუა გახდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრად მაქსიმალურად უკონფლიქტო და დადებითი გიორგი კვირიკაშვილი დარჩება. მაგრამ თადარიგში, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე მზად არის მებრძოლი შემცვლელი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ორი კვირის წინ პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

იქნება თუ არა ახალ მთავრობაში ოთხი ახლანდელი მინისტრი - იუსტიციის; სოფლის მეურნეობის; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა; დევნილთა და განსახლების მინისტრები - თეა წულუკიან, ოთარ დანელია, ტარიელ ხეჩიკაშვილდა სოზარ სუბარ- უცნობია. სავარაუდოდ, ზოგიერთს შეცვლიან, ალბათ, ისევ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

არჩევნების შემდეგ და შედეგად შექმნილ სიტუაციაში ვგულისხმობ ძალთა განლაგებას ახალარჩეულ პარლამენტში - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შევა თუ არა პარლამენტში პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”ვალიფიციურ უმრავლესობის მქონე ფრაქციად, როგორც კოალიცია “ქართული ოცნება” – 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. თუ - არა, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ “ქართული ოცნება” კოალიციურ მთავრობაზე დათანხმდება, მინისტრების რამდენიმე მეორეხარისხოვან პორტფელს მისთვის არაანტაგონისტურ პარტიებს -  დაუთმობს და, მათ წარმომდგენელ საპარლამენტო ფრაქციებთან ერთად, საპარლამენტო კოალიციას შექმნის გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღწევად”.

ცნობისათვის: საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. კონსტიტუციის თანახმად, პროპორციული სისტემით არჩეული იქნება 77 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 73 დეპუტატი. პარტია, რომელიც 113 სადეპუტატო მანდატს მიიღებს, პარლამენტში შექმნის კონსტიტუციურ უმრავლესობას, რომელსაც კონსტიტუციაში ცვლილებები შეაქვს. კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ასარჩევად აუცილებელია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა 150-დან.