საზოგადოება
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა გიორგი ბაჯელიძეს სიცრუესა და ქვეყანაში ელიტური კორუფციის იმიტაციის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს შესყიდვების სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი ბაჯელიძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ თითქმის ყველა სამინისტროში ტენდერების ჩატარება გამარტივებული წესით ხდება და ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს, რის შესახებაც, მისი თქმით, ინფორმაცია მიხეილ დუნდუას მიაწოდა, რათა მას დოკუმენტები ყოფილი პრემიერისთვის გადაეცა. პასუხად მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ დოკუმენტაცია, რომელიც ბაჯელიძისგან მიიღო, ჩვეულებრივი საჯარო ინფორმაციაა.

 მიხეილ დუნდუა: ყველა ის წერილი, რომელიც მე გადმომცა, დაახლოებით 50 ან 100 შემთხვევაში, ეს ეხება სახელმწიფო შესყიდვებს და სახელმწიფო ტენდერებს, უფრო სწორად ტენდერის გარეშე განხორციელებულ შესყიდვებს. საქართველოში დღესაც, ადრეც და მომავალშიც იქნება ისეთი შესყიდვები, რომელიც ტენდერის გარეშე გაიმართება. ეს თავიდან იყო დაგეგმილი ფარსი, ალბათ იმიტაცია იმისა, რომ თუ ასეთი რამე განხორციელდება და მე მივაწვდი ინფორმაციას, ვთქვათ, ივანიშვილს, მერე რაღაც განცხადებებს ექნებოდა ადგილი. მისი აზრით, დავუშვათ, დაიწყებდნენ საუბარს არაფორმალურ მმართველობაზე. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია“.