საზოგადოება
კახი კალაძე: "ნაციონალური მოძრაობა" როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას, ისეთივე ამორალურია ოპოზიციის სახითაც“

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ამას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 კახი კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან 17 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირწმუნებოდნენ, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს თანხა „კალა კაპიტალმა“ გადაურიცხა.

 „ქვეყნის სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას, იგივე ამორალურია ოპოზიციის სახითაც, ოპონირების ერთადერთ საშუალებად იყენებენ ცილისწამებას, სიცრუეს და მოსახლეობის დაზაფვრას დეზინფორმაციით. ეს არის პარტია, რომელიც ქვების და ტალახის სროლით მოვიდა ხელისუფლებაში და თავის "მეორედ მოსვლა" იგივე მეთოდებით სურს. სხვა რეალობაა, ძვირფასებო: ხელისუფლება სხვაა, ხოლო ამომრჩეველი კი ბევრად გამოცდილია - მას ყველაფერი ახსოვს! ამიტომაც დაგტოვათ სამუდამოდ წარსულში!

 კონკრეტულად "ალფა-ბანკის" წერილებზე კი რა ვთქვა? გაბრაზება კი არ, დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე... ვერაფრით დავეხმარები ენმ-ს, არ ავყვები ამ ბინძურ თამაშში“, - წერს, კერძოდ, კახი კალაძე.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა „ალფა ბანკის“ გადარიცხვების დოკუმენტი წარადგინა, “ალფა-ბანკის” სათავო ოფისში კი განაცხადეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია.