საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ინტერნეტ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფმა სოფი ლორენმა პატრიარქთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამასთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე”, რომელიც მსახიობის საქართველოში ვიზიტს უწევს ორგანიზებას სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფია ლორენმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ შეხვდებოდა.
ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სოფია ლორენს არ გაუკეთებია. მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერ მისვლის გამო. სოფია ლორენი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მის უწმინდესობასთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ მსახიობი 81 წლის არის.
15 ივნისს სოფია ლორენს ოპერაში საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ და მას პატრიარქის მიერ გაგზავნილი საჩუქარი – თამარ მეფის ჯვრის ანალოგი გადასცეს.
მსახიობმა საპატრიარქოს წარმომადგენლებს არშემდგარი შეხვედრის მიზეზი პირადად გააცნო და მის უწმინდესობას ბოდიში მოუხადა“.