საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი პოლიტპატიმარისა და დევნილის არჩილ ბენიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბენიძე ვანო მერაბიშვილის, ნიკა გვარამიასა და შალვა ნათელაშვილის დაკითხვას და მის მიმართ დარღვეული სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის ფულის გათეთრებაში უკანონოდ ბრალდებული არჩილ ბენიძის 2008 წლის საქმეს.
„2008 წელს, როდესაც მე ვიყავი შალვა ნათელაშვილთან დაახლოებული პირი, ლეიბორისტული პარტიის გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოხდა ნათელაშვილსა და მერაბიშვილ-სააკაშვილს შორის გარიგება, რის შედეგადაც ნათელაშვილს უნდა გაეყვანა მინიმუმ 10 კაცი, რადგან მეათე ნომრად წარმოდგენილი იყო მისი მეუღლე ბელა ალანია. ვანო მერაბიშვილმა ვერ შეასრულა დანაპირები და აღნიშნულ პარლამენტში ლეიბორისტულ პარტიას მხოლოდ 6 მანდატი ერგო. ამაზე განაწყენებულმა ნათელაშვილმა უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, რაც 2008 წლის პარლამენტს ლეგიტიმაციას უკარგავდა. აღნიშნული გარიგება ვერ შედგა და ნათელაშვილმა დააპირა ვანო მერაბიშვილის „გადაგდება“ და ბოიკოტი გამოუცხადა მაშინდელ პარლამენტს. სწორედ ამის მერე დაიწყო ჩემი დევნა, უკანონო პატიმრობა, რათა ნათელაშვილის წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება, რასაც ვერ მიაღწიეს. ამას შემდეგ მოჰყვა ჩემი 4-წლიანი ემიგრაცია“, - განუცხადა არჩილ ბენიძემ ჟურნალისტებს.