საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ექსპორტის ხელშეწყობა-განვითარების მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დეტალური ინფორმაცია ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.
ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე ქვეყანასთან შეიქმნა ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რომელთა ფარგლებში ექსპორტის ზრდის პოტენციალი განიხილება.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ექსპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შექმნაც, რაც საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენლის მივლინებას გულისხმობს. კომერციული ატაშეები უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძიებებში ქართული კომპანიების აქტიურ მონაწილეობას, კომუნიკაციას იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებსა და მყიდველებთან, ჩაერთვებიან ბაზარზე შესვლის სტრატეგიისა და საექსპორტო პროდუქციაზე მომზადებული მასალის გავრცელებაში, ასევე, სავაჭრო მისიებისა და გამოფენების ორგანიზებაში.