პუბლიკაციები
ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ დაიწყო

  საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი.

არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს.

პრემიერმა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაიწყო და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

 „ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ, როგორ მოიფიქრონ ახალი იდეები იმისთვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიც ახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - “სტარტაპ საქართველო“. ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანასუკეთესობისკენ, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და, შესაძლოა, სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც ბიზნესი უნდა დაიწყონ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის, რათა მათ, საწყისი კაპიტალის არქონის პირობებშიც, წამოიწყონ ბიზნესი.

გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით - ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა, იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთ მთლიანად აქ არსებული ინფრასტრუქტურა; აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პროგრამით ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათი შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაშიც”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ, გათვალისწინებულია პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა. დაინტერესებული პირები, ერთ იფანჯრის პრინციპით, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ტექნოლოგიური პარკის შენობაში, ასევე, იმუშავებს ცხელი ხაზი.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროგრამის დაწყების  მოსამზადებელ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს.

ეს პროგრამა გახლავთ 4 პუნქტიანი რეფორმების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია.  მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბლოკის უმთავრესი ნაწილია, რომ დამწყებ ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება თავიანთი იდეების განსახორციელებლად. უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ“, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.

გიორგი კვირიკაშვილმა, ახალგაზრდების წახალისებისა და მათი საინტერესო, ინოვაციური იდეების განხორციელების სტიმულირების მიზნით, რამდენიმე ცნობილი ფრაზა გაიხსენა.

კომპანია „ამაზონის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბუზოსი აცხადებს - „როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდი ერთადერთ რამეს - რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს ასევე გაახსენა ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაგალითი, რომელმაც კარიერის მანძილზე, უამრავი ქულა მოიპოვა და მრავალი სროლა განახორციელა, რომელიც აცილებით დამთავრდა; მას 36-ჯერ მიეცა გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში, გადამწყვეტი სროლის განხორციელების საშუალება, 36-ჯერ ააცილა ბურთი კალათს და სწორედ ეს იყო მისი წარმატების საწინდარი.

ამიტომ, მინდა, არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის, მინდა, ყოველთვის სცადოთ და დავასრულებ უინსტონ ჩერჩილის ძალიან ცნობილი ფრაზით - „მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული. ეს არის წარმატების საწინდარი”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე რამდენიმე ახალგაზრდის ინოვაციური იდეებიც მოისმინა, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ახალი პროგრამით დაფინანსდნენ.

პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელები და ახალი სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი ახალგაზრდები დაესწრნენ.