საზოგადოება
ირაკლი ოქრუაშვილი: „ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა!“

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე სასამართლო  პროცესზე დაიკითხა. ოქრუაშვილის განცხადებით, პირველ შეხვედრას თავად ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ, სადაც გელაშვილის ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

 "გელაშვილის საჯარო განცხადებებს უკავშირდებოდა სააკაშვილის თხოვნა. მე მთხოვა, ანგარიშსწორება მომეხდინა გელაშვილზე. მოტივი არ უნდა გამოჩენილიყო. მე ვისმენდი, მერაბიშვილი აქეზებდა და აგულიანებდა, ეუბნებოდა, თუ ერთხელ ასეთი რამე პრეზიდენტის მიმართ ვინმემ გაბედა, სხვებიც გაბედავენო. მეორე შეხვედრაზე სააკაშვილის გადარწმუნებას ვცდილობდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. მესამე შეხვედრა კი პოსტფაქტუმ შედგა და დავრწმუნდი სააკაშვილის საუბრიდან გამომდინარე, რომ დავალება მერაბიშვილმა შეასრულა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში  ბრალდებულები არიან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა.