საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება და ერის გამთლიანება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით ვახორციელებთ მიზანმიმართულ პოლიტიკას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, პრემიერმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მუდმივად ცდილობს, რუსეთთან მტრული რიტორიკა აიცილოს.
„აქ არ არსებობს კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართულებებით, თუმცა ვცდილობთ, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა აღვადგინოთ. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ვაჭრობა გარკვეული მოცულობით, გვაქვს ტურისტული ურთიერთობები, ვცდილობთ, მოვახდინოთ კომუნიკაცია, რომ საქართველოს გაწევრიანება ამა თუ იმ ბლოკში არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, საქართველო არ იქნება უფრო მეტად მტრული, ვიდრე შეიძლება იყოს ჩვეულებრივ ვითარებაში. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები, გვაქვს ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიდგომა არის მაქსიმალურად კონსტრუქციული - დავწიოთ ტემპერატურა ამ კონფლიქტში და ვისაუბროთ მშვიდობიანად კონფლიქტის გადაწყვეტაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.