საზოგადოება
ლუცენკო: „იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს“ (ვიდეო)

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი.  უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მისი დაპატიმრების საქმე და ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. ლუცენკომ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეს საქართველოში რევოლუციური პროცესები არ მოჰყვება (ვიდეო იხ. აქ).

 „მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს საქმეები იყო აბსოლუტურად იდენტური. იანუკოვიჩს ეშინოდა ჩემი და ტიმოშენკოსი და ჩაგვსვა ჩვენ ციხეში, რათა გაენადგურებინა ქვეყნის სუვერენიტეტი, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჰქონდა მიზნად საქართველოს ხელისუფლებასაც ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში. ეს დღეს უკვე არის იურიდიულად დამტკიცებული ევროსასამართლოს მიერ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და თავად მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. მე არ გავავლებ პარალელებს იანუკოვიჩსა და ივანიშვილს შორის, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, ეს ქართველი ხალხის კომპეტენციაა“, - განაცხადა იური ლუცენკომ.