ახალი წლის წინა დღეს ტელეკომპანია “მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, რათა მმართველი კომპანიის დამფუძნებელმა და ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა შეასრულოს ვალდებულებები და ტელეკომპანიის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება დაფაროს.
მისი თქმით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური "შანტაჟის“ ერთ–ერთი მიზეზი იყო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების სურვილი. ბექაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა 29 დეკემბერს გახმოვანებული ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანიის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება სურდა, რაშიც მხარდაჭერა ვერ მიიღო. კიწმარიშვილმა 30 დეკემბერს უარყო ბრალდებები, რომ ის რაიმე ფორმით ერეოდა ტელეკომპანიის საქმეებში.იმავდროულად, 31 დეკემბერს ტელეკომპანიის დამფუძნებელთა სახელით მამუკა ღლონტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც “რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს სთავაზობენ უახლოესი ათი დღის განმავლობაში სრულად დაფაროს ტელეკომპანიის მიმართ არსებული დავალიანება და შეწყდეს სტუდია “მაესტროსა” და “რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” შორის არსებული ხელშეკრულება“.
“წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეკომპანია “მაესტრო” გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს საკუთარი უფლებების დასაცავად,“– ნათქვამია განცხადებაში.
„მაესტროს“ დამფუძნებლებმა კიწმარიშვილის კომპანიას ტელეკომპანიის მენეჯმენტი სამი წლის ვადით 2009 წლის ნოემბერში გადასცეს. კიწმარიშვილმა თავი აარიდა პოზიციის დაფიქსირებას კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით "მაესტროს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ბექაურის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ ამ ხელშეკრულების გაუქმების პროცედურები უკვე დაიწყო და ახალი ფინანსური წყაროების მოძიება სურს.
"მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური ფინანსური პრობლემების გამო აგრძელებს მუშაობას საგანგებო რეჟიმში.