საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკის“ შენობაში მორიგი პრესკონფერენცია გამართა - ამჯერად ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის არგადასვლის საკითხთან დაკავშირებით. "კვირიკაშვილის პოზიციას პატივს ვცემ, თუმცა რაც ადრე მითქვამს, იგივე პოზიცია გამაჩნია. მარგველაშვილმა ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. 10 მილიონ ლარს ხარჯავს ეს კაცი გადაჭარბებით. ეს კაცი პატივს არ სცემს ქვეყანას", - აღნიშნა ექსპრემიერმა.
ივანიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით გიორგი კვირიკაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ, დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა კი პრემიერ-მინისტრად განიხილება. "ნაადრევი კითხვაა. ჯერ სია უნდა დამტკიცდეს, შემდეგ არჩევნებია და უფრო გვიან, პროცესში გაირკვევა, ვინ იქნება თავმჯდომარე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.