პოლიტიკა
"გარანტიას გვაძლევენ, რომ ვიზალიბერალიზაციას წლის ბოლომდე მივიღებთ" - ივანიშვილი

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკის“ შენობაში მორიგი პრესკონფერენცია გამართა - ამჯერად ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება. აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. "ვერავითარ სუბიექტურს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ ევროპაში არის ის პრობლემები, რასაც ასახელებენ. ყველა ევროპელი პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბრამდე გადაწყდება ეს საკითხი, თუ არადა, გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან, შეიძლება წლის ბოლოს გადაწყდეს. საქართველო ამას იმსახურებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

 საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა: "ნუ მივაწერთ, რომ გიორგი ქადაგიძე წავიდა და ლარი ამიტომ გამყარდა. ლარი, მე ვფიქრობ, ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში. ზედმეტი ომპტიმიზმი არ მინდა შევუქმნა ბიზნესმენებს, რადგან ეს გამოიწვევს გადაყიდვას დოლარის და ეს მერე გამოიწვევს უკუქმედებას".