პუბლიკაციები
რა ინფორმაცია დაუმალა თინა ხიდაშელმა ქვეყნის პრეზიდენტს

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრისგან გრიფით „საიდუმლო“ მასალებს ელოდება. ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიტაიმი“ აქვეყნებს.

საქმე ისაა, რომ „anaconda 2016“-ის სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქ ქვეით ასეულს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ვარშავაში საქართველოს დროშა არ აღმართულა. როგორც სტატიიდან ირკვევა, თავდაცვის მინისტრის ამ გადაწყვეტილებაზე, მონაწილეობა არ მიეღო ნატოს წვრთნებში, არაფერი იცოდა მთავარსარდალმა და უშიშროების საბჭომ. ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მედიაში ხმაური ატყდა და კითხვის ნიშნები გაჩნდა.

თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტების შეკითხვებს თავიდანვე არ უპასუხა, თუმცა მინისტრი ირწმუნება, რომ საქმის კურსში ჩააყენა ყველა, მათ შორის პოლონეთიც, არადა სკანდალი სწორედ პოლონეთიდან დაიწყო. ფაქტია, რომ ქართულ კონტინგენტზე კითხვები პოლონეთშიც გაჩნდა და ვიზიტად მყოფ მთავარსარდალსაც გაუჩნდა.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა საქართველოს კონტინგენტი მოიკითხა, რაზეც ასე უპასუხეს: მონაწილეობა უნდა მიეღოთ და არ ვიცით, რატომ არ ჩამოვიდნენ, პასუხი არ გვაქვსო. საქართველოს უშიშროების საბჭო კი თინა ხიდაშელისგან შესაბამის ინფორმაციას ელოდება. ოფიციალური თბილისისგან განცხადებებიც სწორედ ამის შემდეგ გაკეთდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება მინისტრმა გააკეთა. „აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პოლონეთში მიმდინარე სწავლების ირგვლივ დისკუსიას. დისკუსია აბსურდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობს. პასუხი ცოტა გრძელი გამოვა, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, ბოლომდე წაიკითხეთ: საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, ყველა ლოგისტიკური საკითხი, უსაფრთხოების და დაშვების თემები იყო მოგვარებული. ფრენა გრაფიკით გათვალისწინებული, აეროპორტი პოლონეთში – დაჯავშნილი და ა.შ. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რამე ვერ მოესწრო ან ლოგისტიკურად გაუმართავი იყო, უსაფუძვლო და ტყუილია.

გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ვირუსული ინფექცია „ჩუტყვავილა“ ჰქონდა. ორივე ასეულთან ერთად იყო მთელი პერიოდის მანძილზე, ხოლო „ჩუტყვავილა“, როგორც მოგეხსენებათ, ადვილად ვრცელდება. შესაბამისად, სამწუხაროდ, სამედიცინო კონსილიუმმა დაასკვნა, რომ რადგან ინკუბაციის ვადები გრძელია და რისკი – მაღალი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან პოლონეთში ამ ასეულის გაგზავნა. სამწუხაროდ, ექიმები მართლები აღმოჩნდნენ. დღევანდელი მდგომარეობით ინფექციის უკვე 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე – ნატოს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ფაქტი დაგვემალა და რისკის წინაშე დაგვეყენებინა ჩვენი ბიჭებიც და იმ ამერიკული ბატალიონის პირადი შემადგენლობაც, ვისთან ერთადაც უნდა გაგვევლო წვრთნები, გადაწყვეტილება მივიღეთ მაღალი პასუხისმგებლობით, რაც შესაბამისად შეფასდა პარტნიორების მხრიდან. დასტურად იმისა, რომ აბსოლუტური ტყუილი, სისულელე და რუსული პროპაგანდის მორიგი შედევრია.

„ქართველების არ დაშვება ან რჩევა ქართველებისთვის, მონაწილეობა არ მიეღოთ“, გენერალი და ორივე მიმართულების სარდალი მიემგზავრებიან „ანაკონდაზე“ დასასწრებად. საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ბევრი წელია, მუდმივად მონაწილეობენ ნატოს და პარტნიორების წვრთნებში. „ანაკონდა“ ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, სადაც ჩვენები ყოფილან ჩართულნი და მომავალშიც იქნებიან. ასეულს ვერ ჩავანაცვლებდით, რადგან პრაქტიკულად, დრო აღარ გვქონდა, რომ შესაბამისი პროცედურები გაგვეტარებინა ახალი პირადი შემადგენლობისთვის. ვერ ჩავანაცვლებდით კიდევ იმიტომ, რომ ეს არ არის სწავლება ნებისმიერი ასეულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად OCC-ის ასეული მიდიოდა. რადგან ამხელა ნიაღვარი წამოვიდა, უნდა განვმარტო: OCC-ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენი ორი ასეულია ჩართული, მათგან ერთი „ალფა“, როგორც იცით, უკვე სერტიფიცირებულია NOBLE PARTNER-ის დროს და nrf-ის სტატუსი მიიღო. მას დასრულებული აქვს სწავლების ციკლი. მეორე, „ჩარლი“ მიდიოდა პოლონეთში. მას სწავლების ციკლი ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს, თანამიმდევრობა არის, ერთი ჩვენთან, ერთი – გარეთ. ცუდია, რომ ამ სწავლების გამოტოვება მოუწიათ, მაგრამ ეს პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება. სხვა ასეული, უბრალოდ, ვერ წავიდოდა. ბუნებრივია, ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერი მოხსენებისთვის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, მაგრამ ცალსახად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდე უშიშროების საბჭოს მდივანს პრეზიდენტის თანდასწრებით.

არაფერი ამისგან განსხვავებული, საიდუმლო ან დახურულ კარს მიღმა განსახილველი, რაც აქ დავწერე, არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას პირადად ჩემი და გენერალური შტაბის უფროსის სახელით, რომ ნებისმიერ ფორმატში წარვდგეთ მოხსენებით, თუმცა ეს არის საკითხი, სადაც დასამალი და საიდუმლო არაფერია. შესაბამისად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოხდა. ყველას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას და ამ თვალსაზრისით ნამდვილად გაუგებარი იყო რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურის ინფორმაცია, ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს“, – განმარტა მინისტრმა. ამასთან, პოლონეთი საქართველოსგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებას ელოდება, რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სამხედროებმა პოლონეთში მიმდინარე სწავლებაში „ანაკონდა 2016“.

„ქართველები მოწვეულნი იყვნენ სწავლებაში, ისინი არ ჩამოვიდნენ. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას“, – განაცხადა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა პეტრ ვალატეკმა.