საზოგადოება
ამერიკელი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი გაიმართა.

შეხვედრის პირველი ნაწილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სამოქმედო გეგმის პროგრესის განხილვას დაეთმო, მეორე ნაწილში კი შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ სფეროში მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს.

ამერიკელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში.

ღონისძიებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ფიზიკის ინსტიტუტის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის სახელმწიფო და ენერგეტიკის დეპარტამენტების და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.