საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების შემოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge. 7 ივნისს 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, 3 634 საარჩევნო უბანი შეიქმნა, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები; შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების შემოწმებისას მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.
ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა). უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 16 დღით ადრე (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი).