სამართალი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ძმას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. მანანა კობახიძის ძმას, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს მისი ყოფილი თანაკლასელი, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

ჯავახიშვილის განცხადებით, კობახიძემ მას პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა.

არჩევნების შემდეგ თედო კობახიძემ ბადრი ჯავახიშვილი საკრებულოში დაასაქმა, რის სანაცვლოდაც მას ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. ბადრი ჯავახიშვილმა „პოსტსკრიპტუმს“ კობახიძის ანგარიშზე ფულის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯავახიშვილმა თედო კობახიძეს თანხის გადახდაზე უარი განუცხადა, რასაც მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

თავის მხრივ, თედო კობახიძე ავრცელებს საგანგებო განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ეს სპექტაკლი ვეღარ შედგება... ჩემი საჩივრის საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს კონკრეტული ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის გამოყენების ფაქტი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის“.