სამართალი
შსს-ში ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხებზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების ოფისის დირექტორ ლაურელ კოტონს და ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჟან გალს შეხვდა.

მხარეებმა ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ზომების გაუმჯობესებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს ახალ სასაზღვრო გამტარ პუნქტ  „კარწახს“ ეწვივნენ და იქ დამონტაჟებული რადიაციული პორტატული მონიტორები დაათვალიერეს.

„აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ქართულ მხარესთან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით უკვე ათი წელია, თანამშრომლობს. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული სამმხრივი პროექტი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. გვეამაყება, რომ ვმონაწილეობდით სასაზღვრო გამშვები პუნქტი „კარწახის“ შესაძლებლობების გაზრდაში“, - აღნიშნა ლაურელ კოტონმა.