პოლიტიკა
“რუსეთი არ არის საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგი, ეს მის ინტერესებს არ ემუქრება” - საქინფორმი

  საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ შევარჩიეთ ბოლო კვირის განმავლობაში რედაქციაში ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით შემოსული, მკითხველთა მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებსაც საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს.

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადადებაში ადანაშაულებს “ანტიდასავლურ ძალებს, რომლებიც ევროპაში ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან”. ეს მართლაც ასეა?

- საკუთარი მუშაობის ჩავარდნაში ვინმე ხომ უნდა დაადანაშაულო?! და ვინ ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას?!  “რუსეთი და ყველა, ვინც პრორუსულ პროპაგანდას ეწევა!” - აცხადებენ საქართველოში "ნაცმოძრაობის" ლიდერები და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იმეორებს ცოლ-ქმარ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის თეზისებს, იმის ნაცვლად, რომ წინასწარ ემუშავა თავის ევროპელ კოლეგებთან და მათთვის საქმის რეალური ვითარება აეხსნა. რომ ყველა, ვისაც შეეძლო და უნდოდა საქართველოდან წასვლა, მათ შორის - ქართველი ბანდიტები, უკვე დიდი ხანია, ევროპაში იმყოფებიან და საქართველოში ტერორისტები აღარ არიან. მთავარი ქართველი ტერორისტი ოდესაშია, გუბერნატორის სავარძელში, ხოლო მისი ტერორისტები - ყოფილი მინისტრები - ევროპაში ემალებიან ქართულ მართლმსაჯულებას! და ნაქები ევროპული სასამართლოები უარს ამბობენ საქართველოს მთავარ პროკურატურას მათ ექსტრადირებაზე!

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მის ინტერესებს არ ემუქრება - რუსეთის ინტერესებს ემუქრება მხოლოდ "მეტი ნატო საქართველოში". რუსეთი თვითონაც დიდი ხნის წინ მიიღებდა უვიზო რეჟიმს შენგენის ზონის ქვეყნებთან, რომ არა სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში, რომლის მიმართ ის გულგრილი არ დარჩებოდა. კირიმისა და დონბასის გამო დასავლეთმა რუსეთი ეკონომიკური სანქციებით დასაჯა და მასთან უვიზო რეჟიმის შემოღება გაურკვეველი დროით გადადო.