საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ შევარჩიეთ ბოლო კვირის განმავლობაში რედაქციაში ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით შემოსული, მკითხველთა მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებსაც საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს.
- მართალია, რომ ევროკავშირმა საქართველოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი ტერორისტული საფრთხის გამო არ მისცა?
- საქართველოში ტერორისტები სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყვნენ: ეს იყო ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ბანაკები პანკისის ხეობაში, რომლებიც იარაღით და ფულით თურქეთის გავლით ევროპიდან მარაგდებოდნენ; და სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურები (შსს, კუდ-ი, სოდ-ი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია). მაღალჩინოსანი ძალოვნები - ადეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, თოფურიძე, ლელუაშვილი, ლორთქიფანიძე, ხიზანიშვილი, გუნავა, შამათავა, დგებუაძე - და მათი ხელქვეითები, რომლებსაც საქართველოში “ზონდერები” შეარქვეს, გამუდმებით აწყობდნენ ტერაქტებს ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
დღეს ისინი ან უკრაინაში ომობენ, ან მშვენივრად მოეწყვნენ ევროპაში, ან იძებნებიან, ან ციხეში არიან, ან უკვე გათავისუფლდნენ გირაოს სანაცვლოდ. პანკისის ხეობაში საერთაშორისო ბანდფორმირებათა ბანაკები უკვე აღარ არის, ხოლო ყველას, ვინც იქიდან სირიაში წავიდა ისლამური სახელმწიფოს მხარეს საბრძოლველად, ახალი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები - სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შსს - მკაცრად ადევნებენ თვალს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ იჭერენ. ამიტომ ევროპისათვის ტერორისტული საფრთხე საქართველოდან ნაკლებ მოსალოდნელია.
საქართველო ღირსი იყო, მიეღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, აგრეთვე რუსეთთან და აშშ-სთან ჯერ კიდევ 2012 წლის 2 ოქტომბერს - საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის მმართველ პარტია “ნაცმოძრაობაზე” ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების მეორე დღესვე. ქართველები ხომ არავისთვის არიან სახიფათო, საკუთარი თავის გარდა - ქართველები სახიფათო არიან, მხოლოდ როცა ერთმანეთს ებრძვიან და ხმამაღალ ტერაქტებს უწყობენ, რომელთა უმეტესობა, როგორც წესი, გაუხსნელი რჩება.