სამართალი
შსს-მ გამოავლინა პირი, რომელმაც „ქინძის“ მეგობარს დაარტყა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ფილარმონიაში, „რუსთავი2“-ის მუსიკალური შოუ „იქს ფაქტორის“ დასრულებისას მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დაადგინეს.

გოგა ყ., რომელიც ფილარმონიაში კონცერტს ესწრებოდა, შოუს დასრულებისთანავე სცენაზე ავიდა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს (ექსპრეზიდენტ სააკაშვილის, მეტსახელად „ქინძის“ ახლო მეგობარს – საქინფორმი) სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცი შენობიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ის მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სოფო ნიჟარაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, გამოვლენილ პირს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა. გოგა ყ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.