პუბლიკაციები
ეკონომიკური კვლევის ცენტრი: 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 4.0%-ის ფარგლებში იქნება

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი.

უკანასკნელ პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია გამოიკვეთა. მ.წ. 5 თებერვალს დაფიქსირებული პიკური ნიშნულის შემდგომ, 1 აშშ დოლარი - 2.2948 ლარი, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 15 %-ით გამყარდა. გამყარება კიდევ უფრო მკვეთრი იქნებოდა რომ არა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონებზე აშშ დოლარის შესყიდვა (სებ-ის შესყიდვებმა მ.წ. 195.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა შესყიდვები 135.0 მლნ. აშშ დოლარი იყო).

 რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მ.წ. მაისში 4%-ით გამყარდა წინა თვესთან და 17.7 %-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ანალოგიური ტენდენცია გვაქვს ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსთან მიმართებაშიც, რომელიც წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით, ხოლო წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-ით არის გამყარებული.

 2016 წ. მაისის თვის მონაცემებით ინფლაცის დონე აპრილის თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო წლიური ინფლაცია (2016 წ. მაისი 2015წ. მაისთან შედარებთ) 2.1 პროცენტია.

 მთლიანი ინფლაციის პარალელურად საბაზო ინფლაციასაც დღეისათვის შემცირების ტენდენცია ახასიათებს.

მაკროეკონომიკური ანალიზის საფუძველზე ,,ეკონომიკური კვლევის ცენტრის“ (ICER-ის) მიმდინარე პროგნოზით, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია:

 ლარის კურსის გამყარების შემდგომი ტენდენცია

 ინფლაციის მაჩვენებლის შემდგომი შემცირება. სავარაუდოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩეს მიზნობრივ მაჩვენებელს (5%) და მიუახლოვდეს ნულს, ვერ გამოვრიცხავთ დეფლაციურ ეტაპსაც კი.

 ასეთ ვითარებაში მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში სებ-მა არ უნდა დაუშვას ლარის შემდგომი მკვეთრი გამყარება და ამ მიზნიდან გამომდინარე უნდა გააგრძელოს აშშ დოლარის შესყიდვა, განახორციელოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 50 საბაზისო პუნქტით, 7%-მდე, შემდგომ გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის ფრთხილი, მცოცავი შერბილება ლარზე მოთხოვნის და განახლებული მაკროეკონომიკური მონაცემების ადექვატურად.

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეიმჩნევა პოზიტიური მოლოდინების, ეკონომიკური აქტივობის, ბიზნესის ბრუნვის და გამოშვების გარკვეული ზრდა, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია უცხოური ინვესტიციების, სამთომოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობის და ტურიზმის სექტორის ზრდასთან, ასევე საქართველოს სავაჭრო- პარტნიორ ქვეყნებში (პირველ რიგში ვგულისხმობთ რეგიონის ქვეყნებს) ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეულწილად დასტაბილურებასთან.

2016 წელს საქართველოს მთავრობა 3%-იან ზრდას ელოდება (ბიუჯეტი ამ მაჩვენებლითაა დაგეგმილი), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD-ის) განახლებული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.4%-ია, ,,ეკონომიკური კვლევის ცენტრის“ (ICER-ის) მიმდინარე პროგნოზით 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 4.0%-ის ფარგლებში იქნება.

ლევან ქისტაური
ICER-ის პრეზიდენტი