პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: პატიაშვილის უარი სააკაშვილს და „ერთობის“ დასასრული

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი: “ქართულ პოლიტიკაში ჩემი მოკრძალებული და ხანმოკლე მონაწილეობა („მეორე პლანზე“) აიხსნება იმით, რომ  არასოდეს გამოვირჩეოდი დიდი აქტიურობით, ყოველთვის ვამჯობინებდი სხვების მსჯელობის მოსმენას, რადგანაც სხვებთან შედარებით არ მიმაჩნდა საკუთარი თავი პოლიტიკურად „დიდად განსწავლულად“! თუმცა, მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 10 წლის მანძილზე (1983–93წწ.) პოლიტოლოგიაში ( სხვადასხვა ჰუმანიტარული დისციპლინები) ვკითხულობდი ლექციებს და ვატარებდი სემინარებს თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ პოლიტიკის თეორიული ცოდნა სხვაზე ნაკლები არ მქონდა. ასე იყო თუ ისე, არც სსრკ–ს დროს, არც ეროვნული მოძრაობის პიკზე, არც სქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების  პერიოდში, არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და აქედან გამომდინარე, არც რაიმე პოლიტიკური ამბიციები მქონია (პარლამენტის ან მთავრობის წევრობა და სხვა).

ამ 25 წლის მანძილზე, „სულ ორჯერ“ გახლდით პოლიტიკური პარტიის წევრი. პირველად, პოლიტიკური პარტიის წევრი გავხდი 1995 წელს, როდესაც 1994 წლის 3 დეკემბერს ვერაგულად მოკლეს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ (იანვარში), მე გადავწყვიტე, რომ ედპ–ის რიგებში შევსულიყავი (მიშა ჯიბუტს ვთხოვე რეკომენდაცია, რომელსაც მოსკოვის უნივერსიტეტიდან ვიცნობდი) და რითაც შემეძლო დავხმარებოდი მათ. უწინარესად კი, შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ შეჩერება – დამარცხებაში, რომელიც აშკარად ანტიეროვნული და დამნაშავე ძალა იყო, რომლის ლიდერების ქმედებებმა (შევარდნაძის ხელმძღვანელობით!) დაამხეს პრეზიდენტ გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება და რომლებმაც ასევე ფიზიკურად გაანადგურეს თავად გია ჭანტურიაც, რომელიც მათთვის და მათი ბოსისთვის (შევარდნაძე) სულ უფრო საშიში ხდებოდა! სამწუხაროდ, ჩემი ედპ–ში ყოფნის პერიოდი მხოლოდ იმით არის აღსანიშნავი, რომ აქ რამოდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე, ხოლო პოლიტიკურად, – სრული იმედგაცრუება (1996 წელს ედპ გაიხლიჩა..), ვფიქრობ, არც ღირს ამაზე საუბარი. ედპ–დან მალე წამოვედი, სულ 4 წელი დავყავი და არც ვაქტიურობდი (1995–99წწ.). მიმაჩნია, რომ ეს წლები პოლიტიკურად დავკარგე! მეორედ, პოლიტიკური პარტიის წევრი 2001 წელს გავხდი, როდესაც ჩემმა სტუდენტობის დროინდელმა მეგობარმა ალექსანდრე (საშა) ჭაჭიამ, შემომთავაზა გავწევრიანებულიყავი მის მიერ (ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად) დაფუძნებულ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც „ერთობა“ ერქვა. სიმართლე გითხრათ, თანხმობა უცებ არ მითქვამს, რადგანაც პიროვნულად საშას ყოველთვის პატივს ვცემდი (შეუდარებელი მეგობარია!), მაგრამ პოლიტიკურად ჭაჭიას ფიგურა მეტად არაერთგვაროვანი იყო და ბევრისთვის ახლაც ასეთად რჩება. სხვათაშორის,  შევარდნაძის „გაზრდილებს“ ჭაჭიასი ეშინოდათ, მას „საშიშ გონს“ უწოდებდა ზურა ჟვანია და მის წინააღმდეგ არაერთი შავი ფიარი („მეგრელი სეპარატისტი“ და ა.შ.) იქნა აგორებული. საშასთან ხანგრძლივმა პოლიტიკურმა დისკუსიებმა  და არაერთგზის ცხარე კამათმა (ერთი–ერთზე!), დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენი მთავარი სატკივარი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, მხოლოდ რუსეთთან დიალოგის და მასთან კონსენსუსის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ მიმართულებით კი, საშა ჭაჭიას მეტოქეობას ვერავინ გაუწევდა და ვერც ახლა გაუწევს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რადგანაც რუსეთის გავლენიან პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მას მრავალი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მას უსმენენ და პატივსცემენ, რაც პოლიტიკაში ძალზედ მნიშვნელოვანია, როდესაც პიროვნულ ურთიერთობების პრობლემა მოხსნილია! მოკლედ, 2001–03 წლებში,  „ერთობის“ პოლიტიკური მდივანი გახლდით და ამ ორი წლის მანძილზე საკმაოდ დიდი შრომა გავწიე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად.

მოგეხსენებათ, რომ „ერთობის“ თავმჯდომარე გახლდათ ბ–ნი ჯუმბერ პატიაშვილი, ხოლო თანათავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭია, როგორც პოლიტიკური მდივანი პარტიული იერარქიით მესამე პირი ვიყავი და ამიტომაც, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის პროპორციულ სიაში მესამე პოზიცია დავიკავე, „ერთობის“ სია ასე იწყებოდა: 1. ჯუმბერ პატიაშვილი; 2. ალექსანდრე ჭაჭია; 3. ჯუმბერ კირვალიძე; და ა.შ... „ერთობაში“ ჩემი ყოფნის დროს, მოხდა ერთი ფაქტი, რომლის მიმართ პარტიის ლიდერების მხრიდან პოლიტიკურად არასწორი (ჩემი აზრით!) დამოკიდებულობის გამო, პოლიტიკურმა გაერთიანება „ერთობამ“ არსებობა დაასრულა. შევეცდები, რომ მოკლედ გიამბოთ. საქმე ის გახლავთ, რომ 2002–03 წწ. საქართველოს თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში (ქალაქებში თავისთავად) გავხსენით „ერთობის“ პარტიული ოფისები, მოვამარაგეთ ისინი შესაბამისი პარტიული საპროპაგანდო მასალებით და ატრიბუტიკით (ბროშურები, პარტიის დროშა და ა.შ.).  „ერთობის“ ლიდერებმა ყველა დიდი და პატარა ქალაქები „დალაშქრეს“, რაიონულ ცენტრბში და დიდ სოფლებში არაერთი ხალხმრავალი შეხვედრები გავმართეთ და შედეგმაც არ დაახანა!.. რა თქმა უნდა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ამოცანა გახლავთ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური პარტია განუწყვეტლივ აწყობს შეხვედრებს ამომრჩევლებთან, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა და მიიღოს იმდენი ხმა, რომ გადალახოს საარჩევნო ბარიერი და გავიდეს პარლამენტში. დიახ, „ერთობის“ წინასაარჩევნო აქტიურობამ ჩვენი კონკურენტების ყურადღება მიიპყრო, უპირველესად მმართველი „მოქალაქეთა კავშირის“, რომლის ადგილობრივი ადმინისტრაციების წარმომადგენლები ჩვენს აქტივისტებს სხვადასხვა სახის დაბრკოლებებს უქმნიდნენ. გარდა ამისა, „ერთობის“ აქტიურობა და ჩვენი რეიტინგის ზრდა შეუმჩნეველი არ დარჩა სააკაშვილის ‘ნაციონალურ მოძრაობას“ და ჟვანიას „ბურჯანაძე–დემოკრატებს“,  როგორც სანდო წყაროებიდან შევიტყვეთ, ამ ორ ორგანიზაციას (ცალ–ცალკე) საკუთარი რესურსებით ჩაუტარებიათ გამოკითხვა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და მათთვის სამწუხაროდ, ხოლო ჩვენთვის სასიხარულოდ ისეთ შედეგები მიუღიათ, სადაც პატიაშვილი დიდი უპირატესობით უსწრებდა ბურჯანაძეს, მცირედით ნათელაშვილს (რეგიონებში, მას მაშინ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა) და თანაბრად ინაწილებდა ხმებს სააკაშვილთან (ასლან აბაშიძეს „თავისი ხმები“ ჰქონდა აჭარაში, სადაც ამ ლიდერთაგან ვერავინ „შედიოდა“)! აი ასე, საქმე ის არის, რომ ჩვენი პარტიული ბირთვის  მუშაობის შედეგად, საარჩევნო 2003 წელს შევძელით შეუძლებელი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა გავხდით!

შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში რუსეთთან უკვე იძაბებოდა მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც 2000 წელს გაპრეზიდენტებულმა პუტინმა სავიზო რეჟიმი დააწესა საქართველოსთან (ეს იყო პასუხი სტამბოლის 1999 წლის ხელშეკრულებაზე, სადაც რუსეთი იღებდა ვალდებულებას სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, ბათუმიდან და ახალქალაქიდან). ამ დროს შეიქმნა  „ერთობა“, რომელიც თავის პარტიულ პროგრამაში დეკლარირებდა რუსეთთან დიალოგის და ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას, რომელსაც ყველა სადაო საკითხი უნდა მოეგვარებინა, უპირველესად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომელსაც რუსეთი ყველა საერთაშორისო დოკუმენტებში (გაეროს არაერთი რეზოლუცია და სხვა) აღიარებდა! ეს პოლიტიკური ნიშა კი (რომელსაც, მავანნი დღესაც დაუმსახურებლად და შეგნებულად  „პრორუსულს“ უწოდებენ), ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის ეკავა და „ერთობა“ ერთადერთი იყო. სწორედ ამის შედეგი გახლდათ ის, რომ შესაძლებელი გახდა „ერთობის“ ლიდერის ჯუმბერ პატიაშვილის საათნახევრიანი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან (მათ შორის, ალექსანდრე ჭაჭიას მოსკოვური კონტაქტების მეშვეობით), რომელიც 2002 წლის ზაფხულში შედგა.  ამ შეხვედრის შედეგად, „ერთობამ“ და რუსეთის მმართველმა პარტიამ „ედინნაია როსსიამ“ გააფორმეს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რაც მომავალში დასაწყისი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცების და ერთობლივი ძალებით ყველა სახის პრობლემების დაძლევის და მოგვარების, რომელიც არსებობდა რუსეთ–საქართველოს შორის! ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ იმ წლებში რუსეთთან არც დიპლომატიური ურთიერთობა იყო გაწყვეტილი და მასთან არც „ომის სუნი გვცემდა“!..

ამასობაში, ახლოვდებოდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები და „ერთობის“ მზარდი რეიტინგი იმის ფიქრის საშუალებას გვაძლევდა, რომ დამოუკიდებლად გადავლახავდით საარჩევნო ბარიერს (თანაც, ამის იმედს აძლიერებდა ის, რომ 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ერთობამ“ დაძლია საარჩევნო ზღვარი და თბილისის საკრებულოში ორი მანდატი მოიპოვა). მაგრამ, პოლიტიკაში საკმაოდ გამოცდილ ადამიანებს (მათ შორის, მეც) კარგად გვესმოდა, რომ მმართველი ძალა (შევარდნაძის „მოქკავშირი“) და მისგან გამოყოფილი ორი პოლიტიკური სუბიექტი (სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და ჟვანიას „ბურჯანაძე–დემოკრატები“, აგრეთვე, რეგიონალური პოლიტიკური გაერთიანება, ა. აბაშიძის „აღორძინება“),  ყველაფერს გააკეთებდნენ (არჩევნების გაყალბება, ფალსიფიცირება!) იმისთვის, რათა „ერთობა“ საქართველოს პარლამენტში არ შესულიყო! ამ საშიშროების შესახებ არაერთხელ ვესაუბრე, როგორც  ჯ.პატიაშვილს, ისე ალ. ჭაჭიას, ვეუბნებოდი მათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით სულ სხვაგვარად წარიმართებოდა და მას თვისობრივად სხვა ხასიათი ექნებოდა (ასეც მოხდა). ამიტომ, საჭიროდ მიმაჩნდა გარკვეული პოლიტიკური ლავირება და მოკავშირეების ძებნა, რომ საარჩევნო ბლოკი შეგვექმნა რომელიმე, თუნდაც მცირე რეიტინგიან პოლიტიკურ ძალასთან, რათა „მარტო არ დავრჩენილიყოთ“. დიახ, ასეთი მცდელობები გვქონდა და ამ დროს მოხდა ის, რასაც პრინციპში მე არ ველოდი.

2003 წლის ივლისის ერთ დღეს, ბ–ნმა ჯუმბერ პატიაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ოფისშია და მელოდება (მე დიდუბეში ვიყავი შეხვედრაზე, ხოლო ჭაჭია თბილისში არ იმყოფებოდა). 20 წუთში ჩვენს ოფისში მივედი. ბ–ნმა ჯუმბერმა მითხრა, რომ მას გვიან ღამით შეხვედრა ჰქონდა სააკაშვილთან (სააკაშვილის თხოვნით!) და რომ სააკაშვილმა მას „გაერთიანება“ შესთავაზა! სააკაშვილის (მაშინ, სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობდა) შეთავაზების არსი შემდეგში მდგომარეობდა, რომ მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი „ერთობა“ ერთიანი პროპორციული სიით გავსულიყავით ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე (სავარაუდო სახელწოდებით, „ნაციონალური ერთობა“), სადაც სიის პირველი ნომერი მ.სააკაშვილი იქნებოდა, ხოლო მეორე ნომერი ჯ.პატიაშვილი (ცხადია, რომ სააკაშვილის ეს წინადადება განპირობებული იყო ჯ.პატიაშვილის მაღალი პირადი რეიტინგით!)! რაც შეეხება საერთო პროპორციული სიის დაკომპლექტების პრინციპს, სააკაშვილის გეგმით ყოველ ათეულში „ერთობის“ წევრს მეორე ადგილი ექნებოდა, ანუ ათეულში „ერთობიდან“ თითო წევრი იქნებოდა. სააკაშვილი კვოტირებას აკეთებდა პარტიული რეიტინგებიდან გამომდინარე, სადაც „ნაცმოძრაობას“ გაცილებით მეტი პროცენტი ჰქონდა, ვიდრე „ერთობას“ და იგი არც ტყუოდა. თუ სააკაშვილის ამ სქემას დავეთანხმებოდით, მაშინ ასეთი სურათი გვექნებოდა, – 1. სააკაშვილი; 2. პატიაშვილი; ხოლო, დანარჩენი ადგილები 3 –დან 10 – ეს ჩათვლით „ნაცმოძრაობის“ (სადაც „რესპულიკელების“ გარდა, ზ.ძიძიგურის „ეროვნული ძალთა გაერთიანებაც“ შედიოდა) კვოტას ეკუთვნოდა. პროპორციული სიის ყველა მომდევნო ათეულიც ამ კვოტირებით შედგებოდა, სადაც მეორე პოზიციაზე „ერთობას“ ერთი წარმომადგენელი ეყოლებოდა (12, 22, 32, 42, 52 და ა.შ..). გარდა ამისა, სააკაშვილს პატიაშვილისთვის უთქვამს, რომ „რესპუბლიკელები“, განსაკუთრებით ძმები ბერძენიშვილები წინააღმდეგი არიან „ერთობასთან“ გაერთიანების, მაგრამ ამ პრობლემას მოვხსნიო. სააკაშვილს მორიდებით განუცხადებია პატიაშვილისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი პირობა აქვს, – ჭაჭია არ იყოს გაერთიანებულ სიაში, რადგანაც მას აშკარად „პრორუსული“ იმიჯი აქვსო. თუმცა, სააკაშვილი მზად იყო ჭაჭიასთან კულუარული თანამშრომლობისთვის და აღიარებდა ამის აუცილებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჭაჭიას კონტაქტები რუსეთის ხელმძღვანელობასთან უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა. პასუხად, პატიაშვილს უთქვამს, რომ მათი საუბრის შინაარსი ჭაჭიას სრულად გადასცემდა და საშა თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას, რასაც ჯუმბერ პატიაშვილი ცალსახად მხარს დაუჭერდა. თავის მხრივ, პატიაშვილმაც წაუყენა სააკაშვილს მსგავსი პირობა, რომ გაერთიანების შემთხვევაში ჟვანიასთან ერთად იგი საარჩევნო სიაში არ იქნებოდა, რადგანაც ჟვანიამ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საბოლოო შედეგები გამიყალბაო.  ამაზე სააკაშვილს უპასუხია, რომ იგი არც აპირებს ჟვანიასთან გაერთიანებას, მითუმეტეს,  ჟვანიას არანაირი რეიტინგი არ აქვს და ამიტომაც ბურჯანაძეს „ამოეფარაო“. საუბრის ბოლოს სააკაშვილს უთქვამს, რომ პატიაშვილის უარის შემთხვევაში, იგი საარჩევნო სიაში არ იქნებოდა (ასეც მოხდა, პირველი, კობა დავითაშვილი იყო!), რადგანაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა არ დაეკარგა, ანუ, სააკაშვილი მხოლოდ პატიაშვილთან გაერთიანების შემთხვევაში დატოვებდა დაკავებულ პოსტს, რადგანაც სწორედ პატიაშვილთან გაერთიანებაზე ჰქონდა ფსონი დადებული და ეტყობა მიაჩნდა, რომ მასთან გაერთიანებით მიაღწევდა გამარჯვებას და საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას! პატიაშვლმა მითხრა, რომ მან სააკაშვილის შეთავაზებისათვის საპასუხოდ 1 კვირა აიღო მოსაფიქრებლად, რაზედაც სააკაშვილი დათანხმდა. ბ–ნ ჯუმბერი დაინტერესდა ჩემი აზრით, თუ რას ვფიქრობდი ყოველივე ამასთან დაკავშირებით. მე მოკლედ მივუგე, რომ სააკაშვილის ეს წინადადება „ერთობას“ აძლევდა საშუალებას პარლამენტში გასასვლელად, მართალია ეს მოხდებოდა სააკაშვილთან გაერთიანების შედეგად, მაგრამ სხვა შანსი ჩვენ არ გვქონდა, რადგანაც „ერთობა“ ვერ დაიცავდა არჩევნებში მიღებულ ხმებს, ვინაიდან საარჩევნო კომისიებს აკონტროლებდა ხელისუფლება (შევარდნაძე) და მისგან „გუშინ“ გამოყოფილი ძალები (ჟვანია, სააკაშვილი), რომლებიც არჩევნების ფალსიფიცირება–გაყალბების „დიდოსტატები არიან“! რაც შეეხება ჭაჭიას ფაქტორს, რომელიც აწუხებდა სააკაშვილს და რომლის გადაჭრაც სთხოვა პატიაშვილს, მე, პატიაშვილს ვუთხარი, რომ თუ დამავალებდა, იმავე დღეს ყოველივეს შევატყობინებდი საშას და ერთი კვირაც არ იქნებოდა საჭირო მისგან დადებითი პასუხის მისაღებად (დარწმუნებული ვიყავი, რომ ჭაჭია ადექვატურად აღიქვამდა შექმნილ რეალობას და უარს იტყოდა საარჩევნო სიაზე. ვიცოდი მისი პოზიცია, იგი არ ილტვოდა დეპუტატობისკენ, მას პრაქტიკული პოლიტიკური საქმიანობა და მიღებული შედეგი აინტერესებდა). ამავდროულად, პატიაშვილს ვესაუბრე იმ დადებით შედეგზე, რასაც „ერთობა“ მიიღებდა პარლამენტში გასვლის შემდეგ.  ცხადი იყო, რომ სააკაშვილი–პატიაშვილის  გაერთიანების შემთხვევაში,  პროცენტულად იმდენ ხმებს აიღებდნენ, რომ შესაძლებლი იქნებოდა მინიმუმ 100 მანდატის მოპოვება (პარლამენტში მაშინ 235 ადგილი იყო), ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „ერთობა“ შეძლებდა საკუთარი ფრაქციის შექმნას (ერთ საპარლამენტო ფრაქციაში 10 დეპუტატი შედიოდა)! აქედან გამომდინარე, როგორადაც არ უნდა განვითარებულიყო პოლიტიკური პროცესები პარლამენტში (შეგახსენებთ, რომ ძალიან მალე, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ სააკაშვილის  გაერთიანებული საპარლამენტო დეპუტაცია დატოვეს „რესპუბლიკელებმა“ და „ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ“.), „ერთობას“ ყველა შემთხვევაში ეყოლებოდა თავის ფრაქცია, რაც საშულებას მოგვცემდა, რომ წარმოგვეჩინა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა,  სრულად გამოგვეყენებინა პარლამენტის ტრიბუნა, გაგვეძლიერებინა და გაგვეახლებინა „ერთობის“ პარტიული სტრუქტურები და სხვა მრავალი სიკეთე, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ საპარლამენტო პარტიას!..

გამიგრძელდა სათქმელი, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე, პატიაშვილმა სააკაშვილს გაერთიანებაზე, ანუ საარჩევნო სიაში სააკაშვილის შემდეგ მეორე ნომრად „თანხმობაზე“ უარი შეუთვალა! ჩემთან საუბარში პატიაშვილმა თავისი უარი ასე ახსნა, იმ შემთხვევაში თუ იგი სააკაშვილის წინადადებას მიიღებდა , მაშინ ეჭვი არ ეპარება, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ამ გაერთიანებას კარგი შედეგი ექნებოდა, მაგრამ, - წელიწადნახევარში (2005წ.) საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, სადაც მეც და სააკაშვილიც მივიღებთ მონაწილეობას და ამომრჩეველი, დიდი ალბათობით, სწორედ სააკაშვილს მიანიჭებს უპირატესობას, რადგანაც იტყვიან, რომ სააკაშვილი იყო საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, პატიაშვილი კი, მეორეო... დიახ, როგორც ჩანს, სააკაშვილიც და პატიაშვილიც, როდესაც საუბრობდნენ საპარლამენტო არჩევნებზე, მაშინაც კი, ქვეცნობიერად ფიქრობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საკუთარ შანსებზე, ამიტომ, ისინი უწინარესად კონკურენტებად მოიაზრებდნენ ერთმანეთს და პატიაშვილის ნაფიქრალშიც არის რაციონალური მარცვალი, რომ სააკაშვილის ეს „საპარლამენტო შეთავაზება“, პატიაშვილს, როგორც მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს, ერთგვარად „დისტანციიდან იცილებდა“! არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ხდება 2003 წლის ზაფხულში, როდესაც არც „ვარდების რევოლუცია“ და არც შევარდნაძის ვადამდელი გადადგომა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, არავის აზრადაც არა აქვს!.. ასე რომ, სულ რაღაც 4 თვის შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება „ერთობა“ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა (ფორმალურად, სოციალ–დემოკრატები გვყავდა ბლოკში), მან საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტის და როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ქართული პოლიტიკის მიღმაც დარჩა!..  ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“ და შევარდნაძის გადადგომამ, რაშიც სააკაშვილმა და მისმა „ნაცმოძრაობამ“ მთავარი როლი ითამაშა, შესაძლებელი გახადა ვადამდელი საპრეზიდენტო (2004 წლის იანვარი) და საპარლამენტო (2004 წლის მარტი) არჩევნების ჩატარება, სადაც სააკაშვილმა და მისმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა!..

P.S. იანვარში, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯუმბერ პატიაშვილს მონაწილეობა არ მიუღია, აზრი არ ჰქონდა... „რევოლუციონერმა“ სააკაშვილმა ხმების 97%  აიღო!..  მარტში, პროპორციული სიით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში (მაჟორიტარებს შეუნარჩუნეს ნოემბრის არჩევნების შედეგები!?), გაპრეზიდენტებულმა სააკაშვილმა პატიაშვილს აღარ შესთავაზა მათი ორგანიზაციების, „ნაცმოძრაობის“ და „ერთობის“„გაერთინება“, რადგანაც ამასაც არანაირი აზრი აღარ ჰქონდა!”.