საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ეკონომიკა ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევაა“

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა.  საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.

 ყოფილმა პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევაა.

 „ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით ექვსჯერ და უფრო მეტჯერ ჩამორჩება განვითარებული ევროპის ქვეყნებს. შესაბამისად, პრობლემა და ცდუნება ძალიან დიდია იმისა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დავაბრალოთ, რომ მან ვერ შეძლო, ამ 3-4 წელიწადში პრინციპულად გარდაეტეხა ეს პრობლემა, რაც თეორიულად შეუძლებელია.  ჩემი აზრით, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა სამ-ოთხ წელიწადში, მაქსიმუმი გაკეთდა და დანარჩენს კარგად აღვწერ ჩემს წერილში, რომ სჭირდება დაახლოებით 10-15 წელიწადი. თუ ჩვენ მოვახერხებთ, ვიქნებით სტაბილურები და ყველა იმ ღირებულებას დავიცავთ და სწორი გზით წავალთ, ჩვენ შეგვიძლია, უმოკლეს დროში ჩავდგეთ ევროპის ქვეყნების რიგში”, - განაცხადა ივანიშვილმა.