საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას დღეს გაცილებით მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჰქონდა.
„სააკაშვილის მმართველობის სტილი ასეთი იყო - მედია მონოპოლიზებული იყო. ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან, ხან სახურავებიდან გვესაუბრებოდა, ხან მღვიმეებიდან, რომ როგორ კარგად მიდის სიტუაცია... დავით აღმაშენებელს ედრებოდა, წარმოგიდგენიათ თავხედობა?!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ციხეში სცემდნენ, აწამებდნენ კიდეც და აი, ამ მეთოდით ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ხელისუფლება... ახლა მათი მართული მედია სიცრუეს აფრქვევს ყოველდღიურად“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
„სააკაშვილი წასვლისას იძახოდა, ოღონდ მშენებლობა არავინ შეაჩეროსო. რა მშენებლობა? ის ვირტუალური მშენებლობა, რომელსაც ის ხატავდა? მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ნუ მოითხოვენ იმას 3-4 წელიწადში, რასაც მეტი დრო სჭირდება. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, რამხელა წინსვლა გვაქვს“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.