საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო.
„ეს იყო სირცხვილი, რაც კორცხელში მოხდა. რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ და ასეთი რამ მეტად აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ექსპრემიერმა.
„მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად დარწმუნებული ვარ და საზოგადოების დიდი ნაწილიც, ეს კარგად დადგმული და ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ეს არაფრით არ ამართლებს ხელისუფლების ქმედებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.