საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მარგველაშვილთან ურთიერთობაში უფრო დაბალანსებული პოლიტიკა აირჩია.
„პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას მაბრალებდნენ, როდესაც პრეზიდენტის კრიტიკას ვახერხებდი. ჩემი აზრით, მხოლოდ სწორი კრიტიკით და შეცდომებზე მინიშნებით შეიძლება გამოასწორო ადამიანიც და ინსტიტუტიც. მე ამას ვაკეთებდი გულწრფელად”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
„კვირიკაშვილმა, პირველ რიგში, საკუთარი ქცევით, კრიტიკა შეაჩერა და წაჰყვა. “კავკასიური ცარცის წრე” თუ გახსოვთ, ფინალში, ბავშვი. კვირიკაშვილმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტად უყვარს და პატივს სცემს ამ ბავშვს, რასაც საქართველო ჰქვია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.