საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. 6 ივნისს ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა პირველი რეისი აქტაუ - ბათუმი - აქტაუს მიმართულებით შეასრულა. ფრენები ყაზახეთის მიმართულებით კვირაში ორჯერ - პარასკევსა და კვირას Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.
ავიაკომპანიის პირველი რეისის აღსანიშნავად ბათუმის აეროპორტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის, Scat Airlines-ის, ყაზახეთის მედიის წარმომადგენლები, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაესწრნენ.
ამრიგად, ყაზახური Scat Airlines რეგულარულ რეისებს “ტავ ჯორჯიას” მიერ ოპერირებადი ორივე - თბილისისა და ბათუმის - საერთაშორისო აეროპორტებიდან შეასრულებს.
ყაზახური ავიაკომპანია Scat Airlines 1997 წელს დაფუძნდა და დღეისათვის რეგულარულ რეისებს 80 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.