სამართალი
ისრაელის ნაციონალურმა ავიაკომპანიამ El Al Israel Airlines თელ-ავივი - თბილისი - თელ-ავივის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ფრენები ყოველ სამშაბათს Boeing 738/739 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. 

ავიაკომპანიის პირველი რეისის აღსანიშნავად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც “ტავ ჯორჯიას” მენეჯმენტი, El AlIsrael Airlines-ის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქაერონავიგაციის ხელმძღვანელობა დაესწრნენ.

თბილისის მსგავსად, El Al Israel Airlines თელ-ავივის მიმართულებით რეისებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც ასრულებს.

“ტავ ჯორჯია” TAV AirportsHolding-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.