საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსმა”პარტიისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, - ამის შესახებ დღეს პარტიის მხარდამჭერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია ”მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ განაცხადა.
ღონისძიება თბილისში, ილია ჭავჭავაძის ბიუსტთან გაიმართა. "მემარცხენე ალიანსმა” საზოგადოებას საკუთარი საარჩევნო ლოზუნგი წარუდგინა.
"მემარცხენე ალიანსმა” მიიღო ჩვენი პარტიისთვის ისტორიული გადაწყვეტილება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. "ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს” - ამ ლოზუნგით წარსდგება ”მემარცხენე ალიანსი” ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ არ მოვდივართ სკამებისთვის, თანამდებობებისთვის, მდივნებისთვის, მძღოლებისთვის. ჩვენ არ გვინდა ხელფასები, დანამატები, პრემიები. ჩვენი ამოცანაა, რომ პედაგოგებს ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება, სტუდენტებს სასწავლებლებიდან გადაუხდელობის გამო არ ყრიდნენ ქუჩაში, რომ პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული პენსია, უმუშევრობის კომპენსაცია არსებობდეს ქვეყნაში, რომ ქართული მიწა იყოს საქართველოს მოსახელობისთვის და უცხოელებზე არ იყოს გაყიდული, რომ ქვეყანა წავიდეს ევროკავშირისკენ, რომ შეიქმნას საშუალო ფენა, რაც ძლიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ძაგანიამ.
მისივე თქმით, გავა წლები და ჩვენი შვილები იტყვიან, რომ 21- საუკუნეში იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც არ უშვებდნენ ცივილიზაციათა ომს, იმპერიათა ომს საქართველოში. არ შემოჰყავდათ მათი სამხედრო ტექნიკა, საქართველოს ტერიტორიაზე მათი ბაზების გახსნას ხელს არ უწყობდნენ.
"ეს პოლიტიკოსები ვართ ჩვენ - კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, კონსტანტინე გუგუშვილი, დავით ვერძეული და ჩვენი მომხრეები. 8 ოქტომბერს არჩევანი იქნება უკვე ხალხის გასაკეთებელი და ხალხმა უნდა აირჩიოს: მათ უნდათ უხერხემლო, გამოუცდელი პოლიტიკოსები, ისეთები როგორც ”ქართულ ოცნებას” ჰყავს, ”ნაციონალების” მსგავსი ბანდიტი დეპუტატები, გამყიდველი ნათელაშვილის მსგავსი დეპუტატები, თუ მათგან განსხვავებული, ეროვნული, ქართული, თანასწორობასა და სოციალურ პროგრამებზე ორიენტირებული პარტია ”მემარცხენე ალიანსი”, - განაცხადა ძაგანიამ.
"მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, რომ პარტია საარჩევნო ლოზუნგით გამოხატავს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს ის პოლიტიკა, რაც უშუალოდ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ინტერესებს სჭირდება.
"ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ხალხის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს და შემდეგ - სხვა ქვეყნისას. დღეს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ისეა სიტუაცია შექმნილი, რომ ერთი საელჩოს და ერთი ელჩის გადაწყვეტილებებს ემორჩილება მთელი მთავრობა. ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიერ გაწეულ დახმარებას, რაც ამ უმძიმეს წლებში საქართველომ გადაიტანა, ჩვენ გვინდა მათთან მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი დიქტატს ახორციელებდნენ. ჩვენ გვინდა, რომ მართლმადიდებლობა იყოს სახელმწიფო რელიგია, რომ უპირველესად, ”ენა, მამული, სარწმუნეობა” იყოს. ჩვენ არ გვინდა ერთსქესიანთა ქორწინება. ჩვენ ვართ ქართული ეროვნული ძალა, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქის ინტერესები იყოს დაყენებული და შემდეგ უკვე გავითვალისწინებთ ყველა ჩვენი მეგობრის, თუ მეზობლის ინტერესებს”, - განაცხადა ჯიბლაძემ.
მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკაში პარტიის პრიორიტეტი იქნება ის, რომ დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოონ, რომ ქვეყანას ჰქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ-სთან და ა.შ.
"ჩვენ როდესაც მოვალთ პარლამენტში, ჩვენი საქმიანობა იქეთკენ იქნება მიმართული, რომ დალაგდეს ურთიერთობები რუსეთთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების მიზნით, ვინაიდან ამ ოკუპანტ ქვეყანაში დევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ეს თუ არ დარეგულირდა, ჩვენ ვერასდროს ვერ გავაერთიანებთ საქართველოს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს არ ექნებათ საშუალება, ნახონ ჩვენი ულამაზესი აფხაზეთი და სამაჩაბლო”, - განაცხადა ჯიბლაძემ.