საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. „დღევანდელმა დღემ მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მოახლოვდა ცხელი დღეები, ახლოვდება არჩევნები და ჩვენი საკრებულოს დეპუტატების ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა კრიტიკული დამოკიდებულებით ხელისუფლებისადმი, უფრო ხისტ რეჟიმში გადავიდა და დღევანდელმა საკრებულომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც აპელირებენ იმ თემაზე, რომ ჩვენ პრობლემებს ვქმნით და არ ვმუშაობთ, პირიქით, გვიქმნიან პრობლემებს. საკითხები, თუნდაც საბიუჯეტო საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო ძირითადად სოციალური პროექტებთან, ასეთი საკითხები არ დამტკიცდა დღეს საკრებულოზე“, - აცხადებს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.
“მინდა, ხაზი გავუსვა ბოლოდროინდელ ტენდენციას. რიგ შემთხვევებში საკრებულოს თავმჯდომარის და მისი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს მერის უფლებამოსილებებით სარგებლობის მცდელობას, რაც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა „განსხვავებული აზრის“ პირდაპირ ეთერში.