პოლიტიკა
"მეჭიაურის პარტია ბურჯანაძე–ინაშვილის პარტიების ხმებს წაიღებს"- ჯუმბერ კირვალიძე

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე: „იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც "პრო"-ქართულობის პრეტენზია აქვთ, დაფიქრება მართებთ, რადგანაც მათ პოლიტიკურ ასპარეზზე ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდებათ - პარტია "ქართული ოცნებიდან" წამოსულმა თამაზ მეჭიაურმა ახალი პოლიტიკურ პარტია შექმნა!

ცხადია, რომ ამ პოლიტიკურ ვექტორზე "ახალი სისხლი" უკვე გამოჩნდა დეპუტატ მეჭიაურის სახით და არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მას დამოუკიდებლადაც სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს!

მოკლედ, ბურჯანაძეს და თარხანმოურავ–ინაშვილს (სხვა წვრილ–წვრილ პარტიებსაც, რომლებიც ნახსენებ პოლიტიკურ ორბიტაზე არიან), რომლებიც ამ პოლიტიკური მიმართულებით ერთმანეთს პირველობას ფარულად ეცილებიან და დათმობას არც ფიქრობენ, მეჭიაურის პოლიტიკური ფიგურისა და მისი ახალი პარტიის სახით ალტერნატიული ძალა გამოუჩნდა! ამის არაღიარება კი მათ ძვირად დაუჯდებათ, ანუ, მეჭიაურის პარტიას ბურჯანაძე–ინაშვილის პარტიების საარჩევნო ხმების წაღება "არ გაუჭირდება"! აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან პოლიტიკურად მართებული და გონიერი იქნება, რომ მათ მეჭიაურში კონკურენტი კი არ დაინახონ და მას "იგნორი გაუკეთონ", არამედ ის აღიქვან, როგორც გამაერთიანებელი და მეკავშირე პოლიტიკური ძალა (ერთიანი საარჩევნო ბლოკი!), რომელსაც, მათგან განსხვავებით – "ახლად აკრეფილი" პოლიტიკური ქარიზმა აქვს, რაც ასე მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც დადებითად აისახება არჩევნების საბოლოო შედეგებზე!"