პუბლიკაციები
ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს

 პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განცხადება:
„ინფორმაცია, რომ 1 ივნისს გამოქვეყნდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა პირველი შუალედური ანგარიში, სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოში 26-29 აპრილს იმყოფებოდა საჭიროების შემფასებელი მისია, რათა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის შედეგად გაეწია რეკომენდაცია ODIHR-სთვის არსებობს თუ არა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დაარსების საჭიროება და კონკრეტულად რა ტიპის და მასშტაბის მისია უნდა დაარსდეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან. ანგარიშში დიდ-წილად მოყვანილია ამ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია. ეუთო-ს არჩევნების სახელმძღვანელოს მიხედვით, შუალედური ანგარიში მზადდება სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნის შემდეგ. ანგარიშში მოყვანილია დადებითი ტენდეციები, მაგალითად: საჭიროების შემფასებელი მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოხდა მაჟორიტარული ოლქების ცვლილება, რითაც შესრულდა ODIHR-ის მრავალწლიანი რეკომენდაცია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებით, დაკმაყოფილდა არჩევითობის თანასწორობის პრინციპი; რაც შეეხება პროცესის გაუმჭვირვალედ, მიმხრობილად და ფართო ჩართულობის გარეშე წარმართვას, ეს არ არის მისიის შეფასებები. ანგარიში მხოლოდ ციტირებულია ცალკეულ პოლიტიკურ ძალებთან გამართულ შეხვედრებზე გაკეთებული შესაბამისი განცხადებები.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გაიზარდა პარტიებისათვის გამოყოფილი საეთერო დრო და ასევე, დაკონკრეტდა ფინანსური სანქციები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ODIHR-ის რამდენიმე ადრინდელი რეკომენდაცია, საარჩევნო კამპანიასთან, მედიასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჯერ არ შესრულებულა. თუმცა, იქვეა აღნიშნული, რომ შესაბამისი კანონპროექტები განხილვის პროცესშია საქართველოს პარლამენტში; ანგარიშში გამოხატულია სრული ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ; რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციების წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვის ნიშნებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ამის თაობაზე კრიტიკა დაფიქსირდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ანგარიში არ შეიცავს რაიმე მინიშნებას მისიის მიერ ამ პროცესის ნეგატიურად შეფასების თაობაზე; ანგარიშში აღნიშნულია, რომ სერვისების განვითრების სააგენტო განაგრძობს ძალისხმევას საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით და ასევე გამოხატა დადებითი შეფასება საარჩევნო სიებთან და ამ კუთხით სააგენტოსა და ცესკოს მუშაობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის პროცესში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევას, დაშინების და აგრეთვე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშიშროებას, ამის ვარაუდი გამოითქვა არა შემფასებელი მისიის, არამედ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რაც შესაბამისად არის ციტირებული ანგარიშში.
წინასწარი შეფასების შედეგად, მისია რეკომენდაციას უწევს არჩევნებზე დაკვირვების მისიის გამოგზავნას, 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის მონაწილეობით და ასევე წინასაარჩევნოდ მედიისმონიტორინგის განხორციელებას. აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სთხოვა ეუთოს ხელმძღვანელობას, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენლის გამოგზავნა საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.
მთლიანობაში, ანგარიშში არსებითად დადებითად არის შეფასებული წინასაარჩევნო გარემო."