საზოგადოება
განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი საქართველოს მთავრობის მეთაურმა წარადგინა.

 „ძალიან გამოცდილი ადამიანი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ, - ასე წარადგინა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

 „იგი არის კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი უკვე ESM-ის ბიზნესსკოლა, რომელიც დღეს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სახელით არის ცნობილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე ინოვაციის სფეროსა და, რაც მთავარია, განათლების სფეროში, კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი პროგრამის მიმართულებებს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების, კადრების გადამზადების სფერო და ა.შ. იგი დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე. ბოლო პერიოდის განმავლობაში მე მასთან მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა და საჭიროდ ჩავთვალე, მისი კანდიდატურა წარმედგინა განათლების მინისტრის პოსტზე. ვფიქრობ, დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უკვე განახლებული ხედვები, ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.