პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „მოვითხოვ, აშშ-ის საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს "ღამით მოხდა მოვლენები“

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს კითხვები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის მიერ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

 „მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს "ღამით მოხდა მოვლენები". სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18:00 საათზე და დღეს დილით 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა, ხელი დამიდონ დოკუმენტზე, რა არის ღამე მომხდარი, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 “აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და ხელი შეუწყონ დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ იან კელის განცხადებაში.