პოლიტიკა
საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს  შორის საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ“.

პრემიერ–მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს ჩანგ გაოლის, რომელიც  ამავდროულად ჩინეთის მიერ ინიცირებული აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - კომიტეტის ხელმძღვანელია, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს. შეთანხმება - „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

მემორანდუმის მიხედვით, ჩინეთსა და საქართველოში შეიქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა მეწარმეების გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქნება.