საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივნის პაატა ჯიბლაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩმა “რუსთავი 2”-თან მიმართებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებები უნდა გააკეთოს.
“მიგვაჩნია, რომ აშშ-ის ელჩის ეს კომენტარი იყო საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, ამავე დროს, სასამართლოზე ირიბი ზეწოლა, ასევე მოწოდება არეულობისკენ. ეს არის მცდელობა “ვარდების რევოლუცია № 2”-ის გამეორებისა და მიგვაჩნია, ამ საკითხთან დაკავშირებით კელის გამოძახება უნდა მოხდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა თავისი განცხადება განმარტოს. ამავე დროს, სახელმწიფო დეპარტამენტს გვინდა მოვუწოდოთ, შეუწყდეს მას უფლებამოსილება და მოხდეს მისი გაწვევა", - აღნიშნა ჯიბლაძემ “პირველ პრესკლუბში” გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ-ში სრულიად მიუღებელი იქნებოდა არჩევნების წელს წამყვანი ოპოზიციური ტელევიზიის მფლობელების და მენეჯმენტის შეცვლა და იმედი გამოთქვა, რომ ეს მიუღებელი იქნება საქართველოშიც.