სამართალი
„გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ – ირაკლი შოთაძე

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 "საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს  ეხმაურება და განმრტავს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესახებ სრული სიცრუეა.

 საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება, მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, დაინტერესებული მხარეები მიზნად ისახავენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას“.

 ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათთან ეს ინფორმაცია არავის შეუმოწმებია.