საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაადამიანური მოპყრობის წარსულში არსებული პრაქტიკის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც პრემიერმა გამოსვლისას აღნიშნა, დღეს დადებული დასკვნის ერთი გადახედვითაც კი საკმარისია იმ საშინელი მდგომარეობის წარმოდგენა, რაც ქვეყანაში ხდებოდა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და მთელ სამუშაო ჯგუფს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებისთვის. დასკვნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გვექნება, არ იყო მხოლოდ ქართული საზოგადოების მოთხოვნა, ეს დოკუმენტი მომზადდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე. მინდა განსაკუთრებულად მივესალმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თბილისის ოფისის წარმომადგენლებს. დღეს დაიდო დასკვნა, რომლის ერთი გადახედვითაც კი საკამრისია მთელი სურათი წინ დაგვიდგეს და შეგვძრას. თითქოს ჩვენ ეს უკვე ვიცოდით, მაინც ყველა ჩვენგანისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საშინელება ჩვენს სამშობლოში, ჩვენს გვერდით ხდებოდა. არაადამიანური მოპყრობა, შანტაჟი, ქონების წართმევა, ღირსების შელახვა, მკვლელობები და ამის მომსწრე გავხდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ოფიციალურად ევროპულ კურსს დეკლარირებდა. მაშტაბები რომ დიდი იყო და დანაშაული სისტემურ სახეს ატარებდა, ეს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანოების ანგარიშებითაც დასტურდება. ეს არის ათასობით საქმე, რომლის გამოც ბევრი პირი უკვე მიცემულია პასუხისგებაში. მრავალი საქმე სასამართლოშია გადაცემული. არის საქმეები, რომელთა გამოძიებაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, გამოძიება და სამართალწარმოება თავისი გზით წავა“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს, რათა არ გავხდეთ ამ სისასტიკის მძევალნი.
„დღეს ჩვენ ვადგავართ ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზას. ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრჯერ განაცხადა და საქმითაც დაადასტურა, რომ მისი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა ქვეყანაში. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ არ დაგვეშვა სამოქალაქო დაპირისპირება, ანგარიშსწორება. დღეს ხშირად გვესმის ამ საშინელი სისტემის შემქმნელებისაგან სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად ამდენი ბინძური ბრალდებისა, მათ ზუსტად იციან, რომ დღეს ყველაზე რადიკალური შეფასებების გამოც არ დაუპირისპირდება მათ სახელმწიფო, ისინი არ გახდებიან შანტაჟისა და ანგარიშსწორების მსხვერპლნი. ამითაა ჩვენი ხელისუფლების ხელწერა გამორჩეული. ანგარიშსწორება, რეგრესი და განვითარების შეფერხება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადავუხადოთ სამაგიერო მათ არის ჩვენი გუშინდელი დღე. მჯერა, გავა დრო და ხალხი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდება. ჩვენი მიზანი მოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი და თანმიმდევრული განვითარებაა. ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლნი. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოვლენებისადმი არა მარტო სახელების დარქმევა, არამედ სამართლებრივი შეფასებაც, გაანალიზება, მიზეზების დადგენა და რაც მთავარია, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები. ჩვენ უნდა შევუქმნათ მოქალაქეებს გარანტიები, რომ სახელმწიფო იქნება ადამიანის სამსახურში და აღარ იქნება არასდროს მჩაგვრელისა და მწამებლის როლში“, - განაცხადა პრემიერმა.