საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რეფერენდუმის 10 ივლისს ჩატარების განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური სააგენტო "აფსნიპრესი" ავრცელებს. ხაჯიმბამ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი ოპოზიცია იყო. როგორც რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, მან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღო.
"რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორები ელოდნენ არა დადებით შედეგს, არამედ იმას, რომ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარს მიიღებდნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისა და შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისთვის გამოიყენებდნენ", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
2016 წლის მარტში 46-წევრიანმა საინიციატივო ჯგუფმა არაღიარებლი აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვადამდელი საპრეზიდნეტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით განცხადება წარუდგინა. საინიციტივო ჯგუფის წევრები რეფერნდუმის გამართვის აუცილებლობას აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გაუარესებით ხსნიან.