საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. გავლენიანი ბრიტანული სააგენტო „როიტერის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია ოთხშაბათს, პირველ ივნისს გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების თათბირის შესახებ, რომელზეც საქართველოსთვის (თურქეთთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან ერთად) უვიზო რეჟიმის მიცემის საკითხს იხილავდნენ (ავტორი - გაბრიელა ბაჩინსკაია).
ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ყურადღებით განიხილეს უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი საქართველოს მიმართაც, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ: დიპლომატების თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის წინააღმდეგ საფრანგეთი და გერმანია გამოდიან. „ჩვენ პროცესის შეჩერება არ გვსურს. უბრალოდ, სიფრთხილეს ვიჩენთ“, - აღნიშნა ერთ-ერთი იმ ქვეყნის დიპლომატმა, რომელიც უარს აცხადებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემაზე.
„საქართველოდან ევროპა ორგანიზებული დამნაშავეობის ჯგუფებით „მარაგდება“ შესაბამისად, ბერლინი სიფრთხილეს იჩენს საქართველოს მიმართ და თვლის, რომ გერმანიაში მოქმედი კრიმინალური ბანდების უმეტესობა ქართული წარმოშობისაა“, – წერია „როიტერის“ პუბლიკაციაში.
დაახლოებით ორ მილიონ კოსოვოელს, ქართველს და უკრაინელს უკვე აქვთ შენგენის ზონაში მოგზაურობისათვის აუცილებელი ბიომეტრიული პასპორტები, თურქეთს ჯერ მსგავსი დოკუმენტებით საკუთარი მოქალაქეები უზრუნველყოფილი არ ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმით საწყის ეტაპზე მხოლოდ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა ისარგებლებს. „მაგრამ ევროსკეპტიკოსები მიუთითებენ, რომ საბოლოო ჯამში სასურველი არ იქნება, ევროკავშირმა კარი გაუღოს ამ ოთხი ქვეყნის 130-მილიონიან მოსახლეობას - ევროპას ხომ მიგრანტების გამო ისედაც უამრავი პრობლემა აქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში“, – ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ სტატიაში.