საზოგადოება
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტისას განუცხადა.

 „ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტთან, ჩართული იყო პარლამენტის თავმჯდომარეც და დეპუტატებიც, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდნენ. შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ვფიქრობთ, ძალიან კარგი პრეცედენტი შედგა ასეთი კონსტრუქციული დიალოგის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს, აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ, ალბათ, პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.