საზოგადოება
საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა  ბორდოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ტექნიკურ საკითხებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლური ვექტორისთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაშიც ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ექნება შესაბამის სამინისტროებთან, რათა ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იქნეს მიღებული. საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასაც შეეხო.