საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. სიღნაღის თეატრის გასტროლი და ლივერპულის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა 6 თანამშრომლის კანადაში დარჩენით დასრულდა.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა 2030.news-ს განუცხადა, სიღნაღის თეატრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და საკონსულო მომსახურებასა და სამივლინებო ხარჯებისთვის 11 ათას ლარამდე გადაერიცხა.
"ფესტივალზე წარმატებით გამოვიდნენ და სამი პრიზიც აიღეს, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 6 თანამშრომელმა, რომელთა შორის არიან სამი მსახიობი, მხატვარი, რადისტი და მომღერალი, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კანადაში სამუშაოდ დარჩა", - აცხადებს დავით ჯანიკაშვილი.
სიღნაღის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მურად ვაშაკიძე კი განმარტავს, რომ თეატრის თანამშრომლებს, რომლებიც კანადაში დარჩნენ, სავიზო რეჟიმი არ დაურღვევიათ.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ამან ჩვენი დასის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა. სპექტაკლზე დასასწრებად კანადაში მცხოვრები ქართველები მოვიდნენ და დასის წევრები, სავარაუდოდ, მათ გადაიბირეს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ვიზები ჩვენ 15 ნოემბრამდე გვაქვს და მათ აქვთ უფლება, ეს დრო სადაც უნდათ, იქ გაატარონ", - აღნიშნა მურად ვაშაკიძემ 2030.news-სთან საუბრისას.