სამართალი
სუს-ის, შსს-ს და ეკოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საჩვენებელი საველე ვარჯიში გამართეს

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საჩვენებელ ვარჯიშს საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 ვარჯიშის დასრულების შემდეგ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7-ის დირექტორმა გარი ბლორმა განაცხადა: საქართველო ლიდერია ქბრბ რისკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. აშშ, რომელიც საქართველოს ამაყი პარტნიორია, ეხმარება მას ამ მიმართულებით. ჩვენ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვართ და ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება“.

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა: საქართველოში მიმდინარეობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი, რომელსაც მასპინძლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ღონისძიებაზე ჩვენს სტუმრებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეხილათ, თუ როგორ ებრძვიან კოორდინირებულად საქართველოს შესაბამისი უწყებები საშიში მასალების უკანონო ბრუნვას“.